პრესრელიზი, 22 სექტემბერი, 2021
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მეთერთმეტე თვეა უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს. თბილისის მერიას პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაცია არ მოეპოვება. გარდა ამისა, პროექტმა თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობასა და იპოდრომის მომხმარებლებს შორის ჩანასახშივე გამოიწვია პროტესტი, ვინაიდან თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ „ცენტრალ პარკის“ ესკიზურ პროექტში სრულიად უგულვებელყოფილია პარკის ისტორია, მისი სოციალური მნიშვნელობა, განსაკუთრებული სპეციფიკა და ბუნებრივი განაშენიანება, უბნისა და ქალაქის საერთო კონტექსტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად მომხმარებელი.
საინიციატივო ჯგუფი „იპოდრომი-უბეტონო მხარე“ აწყობს საჯარო დისკუსიას, რათა მომავალი მერობის კანდიდატებმა მოსახლეობას პარკის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გააცნონ, იმსჯელონ იპოდრომის პრობლემასა და ამ პრობლემიდან გამოსავლის ოპტიმალურ გზებზე.
ამით იპოდრომის მომხმარებლებსა და მისი ბედით დაინტერესებულ მოქალაქეებს კარგი შესაძლებლობა მიეცემათ, ერთის მხვრივ, ამ საკითხზე სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლის სუბიექტურ აზრს მოუსმინონ და მეორეს მხრივ , თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლის შემთხვევაში, იპოდრომის პრობლემამ აქტუალობა არ დაკარგოს და არსებული პროექტისადმი მიდგომა სრულად გადაიხედოს, რათა შედეგად ამ ტერიტორიის მოწყობისა და განვითარების ოპტიმალური კონცეფცია შემუშავდეს, რომელიც სარეკრეაციო ზონების მოწყობის თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს და საზოგადოების არსებით მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
იმედს ვიტოვებთ, მსგავსი ფორმატის შეხვედრა სასიკეთო შედეგის მომტანი გახდება, როგორც თავად იპოდრომის პარკისათვის, ასევე თბილისის მაცხოვებლებისათვის.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის:
საინიციატივო ჯგუფი „იპოდრომი – უბეტონო მხარე“
საკონტაქტო პირი: ელენე ცერცვაძე 555363640