„ამ ქვეყანას ახალი თაობა თუ უშველის“ – ეს ფრაზა არაერთხელ გვსმენია. ბოლო დროს კი, უფრო ხშირად ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე და მათ როლზე მიმდინარე პროცესებში, იქნება ეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა თუ მშვიდობიანი პროტესტის გამოწვევები. თუმცა, საკმარისად ისმის ახალგაზრდების ხმა ამ ქვეყანაში?
გიორგი ეკალაძემ და ცვლილებების სურვილის გარშემო გაერთიანებულმა მისმა მეგობრებმა შექმნეს პლატფორმა – „წერტილი“, საიდანაც სწორედ სტუდენტების ხედვებისა და მიზნების გაჟღერებას ისახავენ მიზნად. ერთი მხრივ, ეს არის წერტილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჯგუფებს გააერთიანებს, მეორე მხრივ კი გამოაფხიზლებს და ჩართულობისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომლებიც სამოქალაქო პროცესებში ნაკლებად მონაწილეობენ.
„მარტის აქციების დროს კარგად გამოჩნდა, რომ სტუდენტები პროტესტის მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ. აშკარად გაჩნდა მოთხოვნა, რომ საერთო ღირებულებების მქონე ახალგაზრდების დამაკავშირებელი საკომუნიკაციო არხი შექმნილიყო. ასე შეიქმნა ჩვენი გადაცემა „მრავალწერტილი“, აღნიშნავს გიორგი. ახალგაზრდა მეგობრებმა გადაცემის ხარისხიანად წარმოებისთვის ტექნიკურად აღჭურვა და საქმიანობის გამართვა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით შეძლეს.
გადაცემის ფორმატი ინოვაციურია – სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარს გიორგი სახალისოდ, ყველასთვის გასაგებ ენაზე უძღვება. ცნობილი რესპოდენტების ნაცვლად, „მრავალწერტილი“ ახალ სახეებს აღმოაჩენს და მათ საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს.
„ერთი მხრივ, რთულია სტუდენტური გამოწვევები, მეორე მხრივ კი რთულია ამ გამოწვევების მაყურებლამდე სწორად მიტანა. გზა, რასაც იდეის ჩაფიქრებიდან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე გავდივართ, რთულია და ბევრი გამოწვევითაა სავსე“, გვიზიარებს გიორგი, რომელიც გადაცემის დაგეგმვისა და მომზადების ყველა ეტაპზე ჩართულია.
„წერტილის“ მთავარი მიზანია, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი გამოიყენოს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რაშიც სტუდენტებისა და, ზოგადად, მოქალაქეების წვლილი მნიშვნელოვანია. თანამედროვე გამოწვევებთან ერთად, წინ ბევრ საინტერესო თემაზე მსჯელობა, ისტორიული მოვლენებისა თუ ქვეყნის ევროპული არჩევანის მნიშვნელობის გააზრებაა დაგეგმილი. გადაცემის გარდა, „წერტილი“ სამომავლოდ ახალგაზრდების გასაერთიანებლად საღამოების, დებატებისა თუ შოუების მოწყობასაც გეგმავს.