10 დეკემბერს ღია გალერეაში სოფლის ფოტოკლუბ გორელოვკას გამოფენა გაიხსნა.
სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში დაიწყო მისი განხორციელება. სოფელი გორელოვკა, რომელიც სამცხე- ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს, რუსეთიდან გადმოსახლებულმა დუხობორების რელიგიუმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა. დღეს გორელოვკაში დუხობორებთან ერთად ცხოვრობენ სომხები და აჭარიდან გადმოსახლებული ქართველები. ფოტოკლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანიც ფოტოგრაფიის ხელოვნებასთან მოსახლეობის ზიარება და ამის მეშვეობით აქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების ერთმანეთთან უფრო დაახლოება იყო.
ფოტოკლუბში 15-დან 62-წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების 12 ფოტომოყვარულია გაერთიანებული. მონაწილეებს ფოტოაპარატები დაურიგეს და ფოტოხელოვანებმა გურამ წიბახაშვილმა, თეა სოსელიამ და ნათელა გრიგალაშვილმა ჩაუტარეს სემინარები ვორკშოპები; მოეწყო ფოტოტურები. გადაღებების დროს პროექტის მონაწილე სოფლის მოსახლეობა მოგზაურობდა მახლობელ სოფლებში, რომლის დროსაც უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ. ფოტოკლუბის წევრების მიერ გადაღებული და შეკრებილი მასალებიდან მომზადდა და დაიბეჭდა ფოტოალბომი და ღია ბარათები ფოტოკლუბის წევრთა საუკეთესო ნამუშევრებით.
ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი