ინტერვიუ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერთან ირმა ხაბაზთან.
წყარო: Publika.ge
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე საუბარი საქართველოში წლების წინ დაიწყო. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამით განსაზღვრულ სერვისს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იღებენ. რჩება გამოწვევები – გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კონტროლი ნაწილში. ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერს ირმა ხაბაზს ესაუბრა. „ფონდი ღია საზოგადოება“ 2011 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას და მის განვითარებას.
როდის დაიწყო საქართველოში საუბარი ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამების შექმნაზე?
საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე საუბარი მშობლებმა, კონკრეტულად კი ნინო ცინცაძემ დაიწყო, ორგანიზაცია „პორტიჯთან“ ერთად.
თუ არ ვცდები, ამ თემებზე საუბარი დაიწყო 2009 წლიდან. ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა „პორტიჯმა“. მათი მონდომებით იყო, რომ ამ დროს უკვე არსებობდა სახელმწიფო პროგრამა ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის. 40 ბავშვისთვის სერვისის მიწოდებას სახელმწიფო უკვე ვაუჩერის საშუალებით უზრუნველყოფდა.
„პორტიჯთან” ერთად იყო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯიც”, რომელიც ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების მიმართულებით მუშაობდა.
მოკლედ რომ ითქვას, როცა ფონდმა ამ სფეროს შემოსვლა გადაწყვიტა, უკვე არსებობდა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და ძალიან კარგი ორგანიზაციები.
ბავშვებისთვის არსებობდა სხვა მომიჯნავე პროგრამებიც, მაგრამ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა ამ პროგრამებისგან იმით განსხვავდება, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის კონცეფცია დიაგნოზზე აქცენტს არ აკეთებს – აქცენტი ბავშვი შესაძლებლობებზეა.
ჩვენ მხარს ვუჭერდით მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს სახლში ვიზიტებს, ანუ ბავშვს პროგრამით გათვალისწინებული სერვისის სახლში მიწოდებას – ყველაზე დიდ დროს ბავშვთან ატარებს მშობელი. სპეციალისტი სახლში უნდა მივიდეს, ჩართოს მშობელი, რათა შემდეგ მან ბავშვთან მუშაობა გააგრძელოს.
როცა ჩვენ ამ სფეროში ჩავერთეთ, არაერთი ფაქტორი იყო, რომელიც ხელს გვიწყობდა და გვარწმუნებდა ამ თემის მნიშვნელობაში. როგორც დასაწყისში ვთქვი, ეს იყო მშობლების მონაწილეობა, ძალიან დაინტერესებული მშობლები, რომლებსაც ძალიან აღელვებდათ თავიანთი შვილების ბედი და ბევრ ძალისხმევას ხარჯავდნენ.
„ფონდი ღია საზოგადოება” ისტორიულად მუშაობდა დეინსტიტუციონალიზაციის თემაზე, ანუ ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ რეფორმას, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას ემსახურებოდა.
სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ბავშვების მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მშობლები ვერ უმკლავდებოდნენ ამ ტვირთს. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მხარდამჭერი სერვისების არსებობა, რომ მოგვეხდინა ბუნებრივი გარემოდან ბავშვების მოწყვეტის პრევენცია. ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო.
კონკრეტულად რა მიმართულებით დაიწყო ფონდმა მუშაობა ?
ჩვენ დავიწყეთ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის განვითარება. ვმუშაობდით რამდენიმე მიმართულებით – ერთი მიმართულება იყო სერვისის მიმწოდებლების გაძლიერება. ამ მიმართულების ნაწილი იყო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა/ადაპტაციაც. გვინდოდა პროფესიონალების გადამზადება და სწორი, მტკიცებულებზე დაფუძნებული მოდელების პოლოტირება. ვმუშაობდით სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით ხედვა და სტრატეგია ჰქონოდა.
მოვიწვიეთ ამ სფეროსთან დაკავშირებული ყველა ადამიანი/ორგანიზაცია და ამ პროცესებში ჩავრთეთ. შემდეგ გამოვყავით სამი ძირითადი პარტნიორი და ამ სამ ორგანიზაციასთან ერთად დავიწყეთ მუშაობა. შემდეგ ამ ორგანიზაციების თანამშრომლობით შეიქმნა ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია. ეს უკვე 2012-2013 წლებია. კოალიცია დარეგისტრირდა ოფიციალურად და ყველა საკითხზე, რომელიც ბავშვთა ადრეულ განვითარებას ეხებოდა, მიმოწერაში ვსვამდით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელთათვისაც ეს თემა საინტერესო იყო.
გამოიკვეთა ექვსი ძირითადი საფეხური, რომელთა გარეშეც სისტემა ვერ გაიმართებოდა. ამ მიმართულებით საჭირო იყო თანმიმდევრული და სისტემატური მუშაობა. ერთ-ერთი მიმართულება იყო გამოვლენაზე მუშაობა. შერჩეულმა პარტნიორებმა კითხვარი ადაპტირებული გახადეს. ეს იყო ასაკისა და საფეხურების კითხვარი. გამოვლენა უნდა მომხდარიყო კითხვარის მიხედვით.
ერთ-ერთი მიმართულება იყო შეფასება და სერვისის მიმწოდებელი პერსონალის გადამზადება.
„პორტიჯი“ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებსა და ბაღს შორის კავშირზე მუშაობდა, „პირველი ნაბიჯი” – უშუალოდ სერვისებზე.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩარჩო, რომელშიც ყველას უნდა ემუშავა. სერვისის მიწოდება მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდებოდა. უკვე არსებობდა ვაუჩერული დაფინანსების სისტემა. „პორტიჯის“ უკვე ჰყავდა 40 ბენეფიციარი, რომელთათვისაც სახელმწიფოსგან ვაუჩერულ დაფინანსებას იღებდა. ამ მიმართულებით მიმდინარეობდა მუშაობა, რათა გაზრდილიყო ვაუჩერების რაოდენობა.
თავიდანვე პროგრამაში ჩართვა დიაგნოზზე იყო მიბმული?
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართვა როგორც ვიცი ჩვენთან დიაგნოზზეა მიბმული. სასურველია, რომ ბავშვის მდგომარეობაზე იყოს მიბმული.
იმ ქვეყნებში, რომლებშიც სისტემა კარგად არის განვითარებული, ჩვენგან განსხვავებით მომსახურების მიმწოდებელს მეტი ნდობა აქვს. შესაბამისად პროგრამაში ჩართვა დიაგნოზზე არაა მიბმული და მიმწოდებელი მდგომარეობის შეფასებითა და პროგრესის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.
საქართველოში ჯერ ასეთი სისტემა ვერ აეწყო.
როგორც აღნიშნეთ, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო გამოვლენაზე მუშაობა. ანუ თქვენ მიზანმიმართულად მუშაობდით, რომ საქართველოში გაუმჯობესებულიყო ისეთი ბავშვების გამოვლენის პროცესი, რომლებსაც შესაძლოა ეს სერვისი სჭირდებოდეს. როგორ შეიცვალა სურათი ამ მიმართულებით?
როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გამოვლენა და სერვისის მიწოდება მოხდეს 7 წლამდე. მუშაობა შეიძლება დაიწყოს პრენატალურ პერიოდშიც – დაბადებამდე, როცა ცვლილებები და ნაყოფის განვითარების არასანდარტული სიტუაცია შეინიშნება – შემდეგ ეს არის სამშობიარო, პედიატრი, ოჯახი, ბავშვი.
შემიძლია გითხრათ, რომ გამოვლენის ასაკი მნიშვნელოვნად არის შემცირებული, უკვე წელიწადზე ნაკლებია. გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, არის.
სერვისის მიმწოდებლების რაოდენობა ახლა ბევრად მეტია, ვიდრე ეს წლების წინ იყო, თუმცა გეოგრაფიული დაფარვის კუთხით ჯერ ისევ რჩება პრობლემები. როგორც ვიცით, ქალაქებშიც კი, სადაც დიდი ხანია არსებობს პროგრამები, მომლოდინე ბავშვების თემა ისევ აქტუალურია, ანუ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიღებას ელოდებიან.
გეოგრაფიულად სრულად დაფარვა არ ხდება, მაგრამ თუ შევხედავთ განვითარების დინამიკას, წლების განმავლობაში მაინც მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.
80 ბენეფიციარიდან თითქმის 1000-მდე ავედით. მაგრამ იმავე მონაცემებს თუ სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ და იმას, რაც შეიძლება, რომ არსებობდეს, ეს მეათედია ჩვენს პოპულაციაზე გადაანგარიშებით. ჩვენთან ამ სერვისის მეტი საჭიროებაა.
დიახ, დღეს არსებობს მომლოდინეთა სია და ამის ერთ-ერთი მიზეზი პროფესიონალების რაოდენობის სიმწირეცაა არის. თითქოს არის ფინანსური რესურსი, მაგრამ პროფესიული რესურსის სიმწირეა.
თავიდანვე ცხადი იყო, რომ სისტემას ერთ წუთში ვერ შევქმნიდით და მისი განვითარება ნელ-ნელა უნდა მომხდარიყო. როგორც გითხარით, თავიდანვე შეიქმნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც გაიწერა ყველა ის მიმართულება, რომლებიც ამ სფეროს განვითარებისთვის არის საჭირო. მიმართულებები გაიწერა წლების მიხედვით, რა როგორ და რა დროში უნდა გაკეთდეს. ეს მიმართულებებია – გამოვლენის გაუმჯობესება, პროფესიონალების გადამზადება.
ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალების მომზადებაა.
ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რაც კიდევ მეტად გავრცელებას საჭიროებს, არის მთიანი რეგიონებისთვის შემუშავებული პროგრამა. შემუშავდა სპეციალური პროგრამა და მოხდა მისი ადაპტირება მაღალმთიანი რეიგონებისთვის. ამ პროგრამის მთავარი ფილოსოფია ხომ ისაა, რომ სერვისის მიწოდება მოხდეს სახლში. გავითვალისწინეთ საერთაშორისო გამოცდილება, სოფლებში ადგილზე გადავამზადეთ პროფესიონალები, რომლებიც ჩაერთნენ პროგრამის განხორციელებაში.
ასევე ვატარებთ კვლევას სტანდარტული და მთიანი მოდელის შედეგებზე, რომლებიც ერთმანეთს უნდა შევადაროთ.
ყველა ის მიმართულება, რომლის განვითარებაც საჭიროა, გონივრულად უნდა მოხდეს. თანხების დამატებისა და პროფესიონალების მომზადების პროცესი უნდა იყოს პარალელური.
ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე ხომ მულტიდისციპლინური გუნდი მუშაობს და შესაბამისად საჭიროა სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები.
ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება ხარისხს და მის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მონიტორინგის შესაბამისი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება პროფესიული სუპერვიის სისტემაზე. მონიტორინგს კი სახელმწიფო უნდა აკეთებდეს.
პროგრამით ახლაც გათვალისწინებულია თვეში 8 ვიზიტი, შეიძლება არიან ბავშვები, რომლებსაც მეტი სჭირდებათ.
მშობლები ადვოკატირებენ, რომ ვიზიტების რაოდენობა განსაზღვროს დიაგნოზის მიხედვით. ეს გზა ცოტა სახიფათოა, რადგან შესაძლოა ყველა დიაგნოზზე ცალ- ცალკე ვერ შეიმუშაო და არის დისკრიმინაციის რისკი.
ჩემი აზრით, მომავალში სპეციალისტმა შეხვედრების რაოდენობა უნდა განსაზღვროს ბავშვის მდგომარეობის მიხედვით.
ასევე მოსაფიქრებელია, როგორ უნდა წავიდეთ წინ, გავზარდოთ გეოგრაფიული დაფარვა თუ ვიზიტების რაოდენობასთან დაკავშირებული ცვლილებები გვჭირდება.
ეს ყველაფერი უნდა გავიაზროთ და გონივრულად დავგეგმოთ. ამ სისტემის მთავარი ძალა ისაა, რომ არსებობს სწორი ჩარჩო და მიმართულებები. არიან დაინტერესებული მშობლები, რომლებიც უფრო და უფრო ძლიერდებიან.
გეგმავს თუ არა „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას?
თუ შესაძლებლობა გვექნება, ძირითადად მშობლების გაძლიერებაზე ვიმუშავებთ. ნოემბერში ადვოკატირებისა და სტრატეგიის შესაქმნელად ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე მომუშავე მშობლებისთვის აქტივობებს ვგეგმავთ.
„მოძრაობა ცვლილებებისთვის” კოალიციასთან ერთად მშობლების მონაწილეობით შევქმნით ადვოკატირების სტრატეგიას, რათა კონკრეტულად გაიწეროს, როგორ და საით უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები სისტემის განვითარებისთვის.
მონიტორინგის სისტემა ახსენეთ, ვსაუბრობდით მოცვაზე, რაოდენობაზე, გამოვლენაზე. როგორ იზომება ამ პროგრამის ეფექტურობა?
ამ შემთხვევაში არსებობს სტანდარტიზებული ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტის თარგმნა/ადაპტაცია მოვახდინეთ. ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციას ამის გამოყენება შეუძლია. ჯერჯერობით ამ ინსტრუმენტს იყენებს ყველა მომწოდებელი და თვალ-ყურს ადევნებენ პროგრესს. პროფესიულ სუპერვიზიას, რასაც ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიცია აკეთებს, ამ კითხვას ეყრდნობიან.