საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებმა, მშობელთა ასოციაციებმა და შშმპ თემის მხარდამჭერებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლს მიშელს და ევროპული საბჭოს წევრებს მიმართავენ.
წერილში საუბარია ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე შშმ თემისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის.
ორგანიზაციები ევროსაბჭოს პრეზიდენტს და მის წევრებს მიმართავენ თხოვნით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ საქართველოში მცხოვრები შშმ ადამიანების, მშობლების და მათი მხარდამჭერების პოზიცია და საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თავად კი, შშმპ თემის წარმომადგენლები, სრულად იღებენ პასუხისმგებლობას, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ყველა პირობის შესრულების პროცესში.
###
ევროსაბჭოს პრეზიდენტს ბატონ შარლ მიშელს
ევროსაბჭოს წევრებს
ასლი: ევროკავშირის ელჩს საქართველოში ბატონ კარლ ჰარცელს
ძვირფასო პრეზიდენტო,
ძვირფასო წევრებო,
მოგმართავთ საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები, მშობელთა ასოციაციები და შშმპ თემის მხარდამჭერები.
ევროინტეგრაციის დაჩქარებულმა შესაძლებლობამ დიდი იმედი გააჩინა ჩვენ თემში. ქვეყნის ევროპული მომავალი და განვითარება ხომ პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალსა და დამოუკიდებელ ცხოვრებას.
17 ივნისს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები დიდი ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესმა შესაძლოა შორეულ მომავალში გადაინაცვლოს და იმ პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს და პროგრამებს, რაც სახელმწიფომ განახორციელა ჩვენი ადვოკატირების და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, შეაფერხებს, ან სულაც დავკარგავთ. ვშიშობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნეგატიური პასუხით ბუნდოვანი გახდება საქართველოს პოზიტიური განვითარება მომავლში, რაც გამოიწვევს მოსახლეობის ფრუსტრაციას და უიმედობას.
როგორც თქვენს რეკომენდაციებშიც აისახა, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს საბჭოთა, ხოლო ჩვენ თემს საზოგადოებისგან გარიყვის და ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი გამოცდილება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების და მშობლების აქტივიზმი ურთულეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, შშმ თემმა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და ძალისხმევით მივაღწიეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას – დღეს ნაკლებად უკვირთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე თუ თანამშრომელი თავის სივრცეში.
ჩვენი ადვოკატირების შედეგია ის, რომ 2014 წელს საქართველოში მოხდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაცია. ჩვენი დიდი ძალისხმევით გაჩნდა კონვენციის აღსრულების და მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმები, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მთავრობაში. საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. მიუხედავად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რაშიც ჩვენი თემის უდიდესი ადამიანური რესურსია გაღებული, უამრავ პრობლემას ვაწყდებით აღსრულების ნაწილში.
სწორედ შექმნილი შესაძლებლობა, მიგვეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დააჩქარებდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, რაც უზრუნველყოფდა არსებული გარემოს გამოსწორებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიან სახელმწიფოში ღირსეულ ცხოვრებას.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ვშიშობთ, რომ ამ მიმართულებით არსებული პროგრესი შეფერხდება. ქვეყანაში პოზიტიური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი სწორედ ევროინტეგრაციის პერსპექტივაა და თუ ამ ისტორიულ მომენტში ეს შანსი წაგვერთმევა, ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მშობლები შესაძლოა დიდ სასიკეთო ცვლილებებს ვეღარც მოვესწროთ.
გთხოვთ, 24 ივნისს გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების პოზიცია და საქართველოს მიანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ კი, შშმპ თემის წარმომადგენლები, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას რომ აქტიურად ჩავერთოთ ყველა პირობის შესრულების პროცესში.
საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ევროპაში ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები ისტორიული არჩევანი და ურყევი სურვილია!
პატივისცემით,