2015 წლის 13 თებერვალს, სასტუმრო „რადისონ ბლუ- ივერია”-ში გაიმართა პროექტის, საჯარო დებატები უმაღლესი განათლების სფეროში, დასკვნითი ღონისძიება, რომელმაც შეაჯამა 2014 წელს საქართველოს მასშტაბით უნივერსიტეტებში ჩატარებული დისკუსიების შედეგები. ამ პროექტს, 2014 წლის მაისიდან ანხორციელებდა ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი” ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებში საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას, აკადემიურ საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტებს შორის ჰორიზონტალური კავშირების გაძლიერებას. სულ პროექტის ფარგლებში ჩატარდა შვიდი საჯარო დისკუსია, მათგან ოთხი თბილისის, ხოლო სამი რეგიონის უნივერსიტეტებში (ქუთაისის, თელავის და ბათუმის უნივერსიტეტები). დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ღია საზოგადოების ფონდებისა (OSF) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროგრამის „საქართველოს განათლების პროფესიონალების” კურსდამთავრებულები (სტიპენდიანტები), უმაღლესი განათლების ექსპერტები, უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
საზოგადოების ინტერესი დისკუსიებისადმი იყო მაღალი, რაც გამოიხატებოდა ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობით, მედიის აქტიურობით და დისკუსიების ხარისხით. დისკუსიების დროს გამოიკვეთა თბილისისა და რეგიონული უნივერსიტეტებისათვის ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცედურები, ხარისხის მართვა, სამეცნიერო საქმიანობა, ინტერნაციონალიზაცია, კურსამთავრებულთა დასაქმება, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, დაფინანსება და ფინანსური მართვა; მიმდინარეობდა მსჯელობა არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პერსპექტივებზე საქართველოში. უნივერსიტეტებიდან, აკადემიური სფეროდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან მიღებული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა ექსპერტების ნაშრომებში, რომელთა შესახებ მოკლე პრეზენტაციები შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე იხილოთ:
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა-რუსუდან ჭანტურია
ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს განათლებაში-თეა სიფრაშვილი
უმაღლესი განათლების დაფინანსება-სიმონ ჯანაშია
მეცნიერების განვითარება საქართველოში-სოფიო გორგოძე