დღეს, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი – ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დღევანდელი განაჩენი მცირედით განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2022 წლის 16 მაისის განაჩენისაგან, რადგან სასამართლომ ნიკა გვარამიას ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასჯელი დაუმძიმა და ჯარიმის ნაცვლად, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელის ვადა არ შეცვლილა.
საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.
აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა.
მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას.
საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება .
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
ღია საზოგადოების ფონდი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო