საქართველოში იმიგრირებული, სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დიდი ნაწილი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მიღმაა. უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში არსებობს ისეთი არაავტორიზებული სკოლები, რომელთა შესახებ მონაცემები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ოფიციალურად ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი საკუთარ საქმიანობას რუსეთის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნების შესაბამისად წარმართავს. თუმცა, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა მათ „ვერ ხედავს“ და შესაბამისად, ვერ ფლობს ინფორმაციას დაწესებულებების სასწავლო გეგმის ეროვნულ მიზნებსა და ხედვებთან შესაბამისობის შესახებ.
2022 წელს საქართველოში იმიგრანტთა ტალღის ყველაზე დიდი წილი მოდიოდა რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებზე და იმიგრანტთა სრული მოცულობის 35%, 12% და 7%-ს შეადგენდა. სწორედ ქვეყანაში რუსულ-უკრაინულენოვანი იმიგრანტებისთვის არსებულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებსა და სექტორში არსებულ გამოწვევებს ეხმაურება კვლევა, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა 2023 წელს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.
კვლევის თანახმად, რუსეთიდან იმიგრირებული სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთის მოქალაქე იმ მოზარდების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს განათლების სისტემის ბაზაში არიან რეგისტრირებული. ბელარუსიდან იმიგრირებულ მოსწავლეთა რაოდენობა 2-ჯერ და უფრო მეტია შესაბამისად აღრიცხულ პირთა რაოდენობაზე, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2022 წელს უკრაინიდან ქვეყანაში იმიგრირებულ მოსწავლეთა რაოდენობაზე 1000-ით ნაკლებ მოსწავლეს აღრიცხავს. მთლიანობაში, 2022 წელს ქვეყანაში შემოსული, 6-დან 18 წლის ასაკამდე რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 4000-ზე მეტი პირი არ არის საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში მოქცეული.
კვლევის ფარგლებში ვლინდება ახალდაარსებული კერძო სკოლების კლასტერი, რომელიც იმიგრირებულ რუსულენოვან მოსწავლეებს აერთიანებს და მათ რუსეთის ფედერაციის სასწავლო გეგმის შესაბამის სწავლებას სთავაზობს. კვლევამ გამოავლინა 16-მდე არაავტორიზებული სკოლა ან საგანმანათლებლო ცენტრი, რომელთა შორის 12, რუსეთში არსებულ სერტიფიცირებულ სკოლასთან პარტნიორობის საშუალებით, მოსწავლეებს რუსული საატესტატო გამოცდების ჩაბარებას სთავაზობს. სავარაუდოდ, კვლევის ფარლგებში გამოვლენილი სკოლების ჩამონათვალი არასრულია, რადგან ეყრდნობა მხოლოდ მკვლევართა მიერ შესწავლილ ალტერნატიულ საინფორმაციო წყაროებს და არა ოფიციალურ მონაცემებს. ოფიციალური მონაცემების მოპოვება ვერ მოხერხდა, რადგან სკოლები ქართული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილს არ წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებული საგანმანათლებლო ინსტიტუციების გარკვეული ნაწილი საქართველოს განათლების სისტემაში სინქრონიზაციის სურვილს გამოთქვამს ავტორიზაციის მოპოვების საშუალებით, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საკითხს არ განიხილავს.
კვლევის ანგარიში რუსულ-უკრაინულენოვან განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსაც მიმოიხილავს. გამოვლინდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა აცდენა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასა და რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საგანმანათლებლო სისტემებს შორის; კერძო და საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიღების არასაკმარისი შესაძლებლობები, ; არასაკმარისი და შეუსაბამო ინფრასტრუქტურა; კადრებისა და სასწავლო რესურსების ნაკლებობა; მშობლიური ენის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები; ომის ფონზე ორენოვანი სწავლების განმახორციელებელ სკოლებში, სხვადასხვაენოვან სექტორზე მოსწავლეებს შორის უთანხმოებები და გართულებული ურთიერთობები, რაც განსაკუთრებით მწვავედ ქართველ და რუსულენოვან მოსწავლეებს შორის ვლინდება და ა.შ.
კვლევის თანახმად, რუსეთის მოქალაქე მოსწავლეებისა და მათი მშობლების მნიშვნელოვანი ნაწილი სკოლისშემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს უკავშირებენ და რუსეთში დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობენ. უკრაინის მოქალაქე მოსწავლეები და მშობლები კი ქართულ სკოლაში სწავლას დროებით მოვლენად განიხილავენ და საკუთარი თუ შვილების უმაღლეს განათლებას მეტი სიხშირით უკრაინას უკავშირებენ. ისინი სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას ელოდებიან.
მედია ამ თემაზე: