რადიკალი მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური პერსპექტივა 2020 წლის არჩევნების შემდეგ

26.01.2021
წყარო: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

 

2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ათამდე მემარჯვენე-კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი პარტია მონაწილეობდა, რომელთაგან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ერთმა, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” გადალახა მინიმალური საარჩევნო ბარიერი 3.14%ით (60,480 ხმით). სხვა პარტიების მსგავსად, ორმა ყველაზე მკვეთრად გამოკვეთილმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა სუბიექტმა, როგორიცაა წინა მოწვევის პარლამენტის წევრი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” (2016 წლის არჩევნებში 88,097 მხარდამჭერით, 5.1%-ით) და ახლადშექმნილი “ქართული მარში” (2020 წლის არჩევნებში 4753 მხარდამჭერით, შესაბამისად 0.25%-ით), ეჭვქვეშ დააყენ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები. მათ მმართველი პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”, რომელმაც ოთხი მანდატი მოიპოვა, სხვა ბარიერგადალახულ ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი განაცხადა საპარლამენტო მანდატებზე. იგივე პარტია არჩევნების შემდგომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ამერიკის ელჩთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა. ხოლო, “ქართულმა მარშმა” არჩევნების შემდგომ კვირაში ქართული ოცნების სათავო ოფისის პიკეტირება სცადა. თუმცა, აღნიშნული ორი პარტიის პროტესტი, სხვა ბარიერგადალახული და ზოგიც გადაულახავი პარტიისგან განსხვავებით, ნელ-ნელა მინელდა და მათთვის 2020 წლის არჩევნები წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზოგიერთმა წევრმა მიიღო პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება, თუმცა ამავდროულად მათ პარტიის დატოვება მოუწიათ, რადგან მათი და პარტიის ლიდერების ხედვები ერთმანეთს არ ემთხვევა.

 

  • როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ულტრამემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ცესკოს ოფიციალურ მონაცემებში ასახული დაბალი საარჩევნო შედეგები?

 

  • იმის ფონზე, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საკმაოდ აქტიურობდნენ, რას შეიძლება გამოეწვია მათი პასიურობა საჯარო დისკურსში პოსტსაარჩევნო პერიოდში?

 

  • აღნიშნულმა არჩევნებმა და პოსტსაარჩევნო ვითარებამ ცხადყო, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს უჭირთ პოლიტიკური რელევანტურობის შენარჩუნება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. როგორ ფიქრობთ, რამდენად მდგრადია ეს ტენდენცია? (ამ ტენდენციას მომავალშიც უნდა ველოდოთ, თუ ერთჯერადი მოვლენაა?)