რა (არ) იცვლება ღია საზოგადოების ფონდში | ქეთი ხუციშვილის ღია წერილი

29.12.2023

თითქმის 30 წელია, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი არის ადგილი, სადაც ადამიანები საზოგადოებრივი სიკეთისთვისა და დემოკრატიული ცვლილებებისთვის ერთიანდებიან. 2024 წლიდან, ჩვენი გუნდი უცვლელი მისიითა და ღირებულებებით საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სახელით განაგრძობს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის საქმიანობისა და ისტორიის მემკვიდრეა.  1994 წლიდან, საქართველოს ფონდი იყო ნაწილი ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელისა, სადაც ამჟამად გეოგრაფიული გამსხვილება, სტრუქტურული, მენეჯერული თუ სხვა ცვლილებები მიმდინარეობს. გარდაქმნის ამ მომენტში, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ამ ეტაპზე ქსელისთვის უფრო მნიშვნელოვანია გლობალური მასშტაბის ამოცანები, ხოლო ჩვენთვის კვლავ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე მუშაობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ თავდაპირველი ხედვის ერთგულად და  გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებდით.

ახლა უკვე ადგილობრივი ორგანიზაციის სტატუსით დავუჭერთ მხარს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებს თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან – ამის მყარი საფუძველია ჩვენი პროფესიული რესურსი, ფინანსური რეპუტაცია, სოციალური კაპიტალი თუ გრანტების მართვის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მდგრადობას ამყარებს ღია საზოგადოების ფონდების გლობალური ქსელი, რომელიც ჩვენს პარტნიორად რჩება. ამასთან, ჩვენ ახლაც წარმატებით ვახორციელებთ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, გვაქვს ევროკავშირთან, USAID-თან თუ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსთან ერთად მუშაობის კარგი გამოცდილება და ღია ვართ სხვა დონორებთან თანამშრომლობისთვისაც.

ფონდი არის და იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მამოძრავებელი ძალა, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ფხიზლად დგას კორუფციის, ჩაგვრისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. ჩვენი საგრანტო დაფინანსება კვლავ ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო სექტორისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვისა თუ დემოკრატიული საზოგადოების მხარდამჭერი ადამიანებისთვის, რომელთა გაერთიანებითაც შესაძლებელი ხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ფონდი კვლავ წაახალისებს საგანმანათლებლო ინიციატივებს, პუბლიკაციებისა თუ სადისკუსიო სივრცეების შექმნას, თემატური კოალიციების განვითარებას. ისევე როგორც ადრე, გარკვეულ აქტივობებს თავად განვახორციელებთ, გარკვეული მიმართულებით კი სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებს გავაძლიერებთ.

თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე, ფონდის ინვესტიცია საქართველოში ღია და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში 100 მილიონ დოლარზე მეტია. ეს მხარდაჭერა ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების, ლტოლვილების, სტუდენტების, პროფესიული ჯგუფების, სოციალურად დაუცველების,  ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

ჩვენი საქმიანობიდან ბევრი რამ კარგად არის ცნობილი, ბევრი რამ კი – ნაკლებად. ბოლო პერიოდში, ფონდი რეგულარულად აფასებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულებას და დღემდე აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას. ფონდის მხარდაჭერით, საქართველოში დაარსდა პირველი ბავშვთა ჰოსპისი პალიატიური მზრუნველობისთვის, შენარჩუნდა არაერთი საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი,  მხატვრობა თუ ფრესკები; შეიქმნა უფასო იურიდიული დახმარების სამსახური; საქმიანობა დაიწყეს დღეისთვის წამყვანმა ონლაინ თუ რეგიონულმა მედიაორგანიზაციებმა; სასწავლებლად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა ათასობით ახალგაზრდა და პროფესიული ჯგუფი; ტარდება კვლევები, რომელთა მიგნებებიც ხშირად კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ცვლილებებისთვის.

ფონდი საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდა ომის, სოციალური ძვრებისა თუ COVID-19 პანდემიის დროს. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს გუნდს დიდი წვლილი აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი რეფორმების წინსვლაში, მონაწილეობითი დემოკრატიისა და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვასა და დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებაში.

წელს, სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობამ დაამარცხა რუსული კანონი და სწორედ ეს ერთიანობა დაგვეხმარა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაშიც. 2023-მა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მეტი ოპტიმიზმი შესძინა. იმედი გვაქვს, ამ გამარჯვებაში  ფონდის მოკრძალებული წვლილიც არის. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს და იმუშაოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომ ქვეყანამ სწრაფად შეძლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება .

აქაც ჩვენი თანამოქალაქეების ნების გაერთიანების გვჯერა.

ბედნიერ 2024-ს გისურვებთ!

 

ქეთი ხუციშვილი

აღმასრულებელი დირექტორი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი