ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში გაიმართა

10.07.2024

ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის

9-10 ივლისს, თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, ასევე გერმანიის ბუნდესთაგის წევრებმა: რობინ ვაგენერმა (გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის საკითხებში, მწვანეები/The Greens), თომას ჰაკერმა (ბუნდესთაგის დეპუტატი, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თავისუფალი დემოკრატების ფრაქციის სპიკერი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე (FDP), კნუტ აბრაჰამმა (ბუნდესთაგის დეპუტატი, საგარეო კომიტეტის წევრი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, CDU/CSU ფრაქცია).

9 ივლისს ღონისძიება გახსნა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. 10 ივლისს დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა პეტერ ფიშერმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის დეკემბერში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების რიგებს შეუერთდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საჭიროება უფრო აქტუალური გახდა. ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან, თუმცა  მათ საერთო მიზნები, ღირებულებები და ევროპული დღის წესრიგი აერთიანებთ. ევროკავშირისკენ მიმავალ რეფორმების რთულ გზაზე მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო მსჯელობასა და გამოცდილების გაზიარებას კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში.

კონფერენციის მეორე დღეს, საჯარო ღონისძიების ფარგლებში, გერმანელმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა იმსჯელეს ევროკავშირში გაწევრების გზაზე კანდიდატი ქვეყნების შემდგომი ნაბიჯების შესახებ. სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივიდან ამ თემაზე ისაუბრეს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კანდიდატი ქვეყნების კვლევითი ორგანიზაციების, ექსპერტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელებმა.

თბილისში გამართული კონფერენციის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს პლატფორმას, რომელიც  აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების, ექსპერტული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს, ბიძგს მისცემს დიალოგის გააქტიურებას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრების გზაზე არსებული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებას, რეფორმების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის სამი წევრობის კანდიდატი ქვეყნის  ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის როლისა და შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ბუნდესთაგის წევრები და გერმანული პოლიტიკური ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვთ სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ხელშეწყობის კუთხით.

კონფერენცია ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (CSF), ბერლინში მოქმედი „თანამედროვე ლიბერალიზმის ცენტრის“ (LibMod), საქართველოში არსებული გერმანული პოლიტიკური ფონდების  – კონრად ადენაუერის (KAS), ფრიდრიხ ებერტის (FES), ფრიდრიხ ნაუმანის (FNF), ჰაინრიხ ბიოლის (HBS) – ორგანიზებით და მხარდაჭერილია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მერკატორის ფონდის ბერლინის ოფისის მიერ.