ნივრის ღეროების მწნილი ბევრისთვის უცხო გასტრონომიული გამოცდილებაა, რომელსაც 24 წლის ჯონდო ცერცვაძე გორის მუნიციპალიტეტში ქმნის. მწნილების მეფე ხართო, არაერთხელ უთქვამთ ახალგაზრდისთვის, რომელმაც ტრადიციული მარინადების დამზადების ოჯახური საქმიანობა ბიზნესად აქცია. „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, დღეს უკვე ბრენდად ჩამოყალიბებული „მწნილების მეფე“ ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ჯონდოს ოჯახი სხვადასხვა ბოსტნეულის მწნილებს საკუთარი მოხმარებისთვის, სახლის პირობებში ამზადებდა. სოფლის მეურნეობაში ჩართულებს საჭირო ნედლეული თავად მოჰყავდათ. შემოქმედებით პროცესში დაიბადა ნივრის ღეროების დამწნილების იდეა, რაც, რეალურად, გამოუყენებელი პროდუქტისთვის საკვები ღირებულების მინიჭებას გულისხმობს – ეს არის პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს ეხმიანება. რამდენიმე საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისა და იქ მიღებული კომპლიმენტების ფონზე, ჯონდოს წარმოების გაზრდის სურვილი გაუჩნდა, თუმცა ამის არც ცოდნა ჰქონდა და არც შესაძლებლობა. ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გამოჩნდა ევროკავშირის პროექტი, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდი“ და “საქართველოს გაეროს ასოციაცია” ახორციელებენ. ამ პროექტის მხარდაჭერით ჯონდომ საჭირო უნარების გაუმჯობესება და წარმოების გამართვა შეძლო. ადგილობრივი თუ გასვლითი ტრენინგების ფარგლებში, გამოცდილი კონსულტანტი მას ბიზნეს იდეის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.
„ამ პროექტმა მე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ შემძინა – ესაა თავდაჯერებულობა. რწმენა იმისა, რომ მე შემიძლია, ვიყო მეწარმე. რომ არა კომპეტენტური გამოცდილების გაზიარება და მიღებული ფინანსური მხარდაჭერა, მე წარმოების დაწყებას ასე სწრაფად ვერ შევძლებდი. უკვე მაქვს საკუთარი ბრენდი, საკუთარი საწარმო სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით და ეს პროცესი სწორედ ამ მხარდაჭერამ დააჩქარა“ – აღნიშნავს ჯონდო, რომელსაც საშუალება ჰქონდა, კონკრეტულად მის საჭიროებებზე მორგებული პროგრამა გაევლო, ბიზნეს ტრენერისგან მის წამოწყებაზე გათვლილი რეკომენდაციები მიეღო და მასთან ერთად განესაზღვრა პოტენციური საჭიროებები თუ დაბრკოლებები, შეერჩია სწორი აუდიტორია თუ გაყიდვების გზები. სარეალიზაციო პოტენციალის ზრდის ფონზე, მასთან დამხმარეები და მზარეულებიც დასაქმდნენ.
წინ დიდი გეგმებია. „მწნილების მეფე“ ახლა ონლაინ იყიდება, თუმცა მისი რეალიზაცია უკვე დაგეგმილია როგორც თბილისში, ასევე გორში მდებარე სავაჭრო ობიექტებში. ჯონდო საერთაშორისო მასშტაბზე გასვლაზეც ფიქრობს.