კანონპროექტის პრეზენტაცია
6 თებერვალს, პარასკევს, 15:00 საათზე სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი” ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენენ საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ცვლილების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას.
წარმოდგენილი კანონპროექტი მომზადდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა ნაწილობრივ ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ” და მისმა პარტნიორმა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის „თვითმმართველობის დროა” ფარგლებში მოამზადეს და 2014 წლის 24 დეკემბერს სამინისტროს წარუდინეს.
კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
###
საკონტაქტო პირი პრესისთვის:
ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’
მობ: 595 221 999, ელ.ფოსტა: Anuka@csf.ge
www.csf.ge