მოპარული ხელფასის გამომთვლელი: დასაქმებულებს ყოველწლიურად 21 მილიონ ლარზე მეტს პარავენ შრომის ანაზღაურებიდან

28.01.2021

ღირსეული შრომის პლატფორმამ მოპარული ხელფასის გამომთვლელის პირველადი მონაცემები[1] გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დასაქმებულთა 87% დასაქმების ადგილზე მოპარული ხელფასის მსხვერპლია.

მოპარული ხელფასის გამომთვლელი ონლაინ ინსტრუმენტია, რომელიც მშრომელებს ეხმარება დაახლოებით გამოითვალონ ის თანხა, რასაც შეიძლება კარგავდნენ კუთვნილი შრომის ანაზღაურებიდან. მოპარული ხელფასი წარმოადგენს შრომითი კანონმდებლობის დარღვევას, რა დროსაც დამსაქმებელი დასაქმებულს არ უხდის (პარავს) მის კუთვნილ შრომის ანაზღაურებას, რაც შრომის კანონმდებლობის სხვადასხვა სახის დარღვევაში გამოიხატება, მაგალითად აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის უკანონო დაქვითვა, და ა.შ

გამოქვეყნებული შედეგები ეფუძნება, 2020 წლის 9 დეკემბრიდან დღემდე, გამომთვლელის პირველი 50 დღის მონაცემებს, რა პერიოდშიც 2,709 დასაქმებულმა შეავსო შესაბამისი კითხვარი. მიღებული მონაცემების თანახმად, დასაქმებულთა წლიური ჯამური მოპარული ხელფასის ოდენობა 21,756,487 ლარს უტოლდება, რაც 1 დასაქმებულზე წლიურად საშუალოდ 8,031, ხოლო თვიურად 669 ლარს წარმოადგენს.

„მოპარული ხელფასის ეს მაჩვენებლები კარგად  წარმოაჩენს, რომ საქართველოში მოპარული ხელფასის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ეს პრაქტიკა დასაქმების ადგილებზე უბრალოდ ნორმალიზებულია.“ -აღნიშნავს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.  ”დამსაქმებლები ამაზე ორჯერ არც კი ფიქრობენ, ისე ავალდებულებენ დასაქმებულებს იმუშაონ ზეგანაკვეთურად, ანაზღაურების გარეშე, არ აძლევენ მათ კუთვნილ შვებულებას, უკანონოდ უქვითავენ ან საერთოდ არ უხდიან ხელფასს.“

„აუცილებელია შრომის ინსპექციამ ახალი მანდატის ფარგლებში, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა შრომითი უფლებების შემოწმებისას, მოპარული ხელფასის პრაქტიკის აღმოფხვრა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახოს. თუ არ მოხდება იმ დამსაქმებლების სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინც მშრომელთა უფლებების დარღვევის ხარჯზე ითვისებს მშრომელთა ანაზღაურებას, ეს უკანონო პრაქტიკა უბრალოდ  უკონტროლოდ გაგრძელდება.“ -მიუთითებს ვაკო ნაცვლიშვილი, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს წარმომადგენელი.

გამომთვლელის მონაცემების თანახმად, საქართველოში მოპარული ხელფასის ყველაზე გავრცელებული ფორმა არასამუშაო დროს მუშაობაა, რომელიც სამუშაო მოვალეობების ისეთ დროს შესრულებას მოიცავს, რომელსაც დასაქმებულებს ანაზღაურებად სამუშაო დროში არ უთვლიან. დასაქმებულთა 78% მიუთითებდა დამატებითი ანაზღაურების გარეშე არასამუშაო დროს მუშაობაზე, რისი ყველაზე გავრცელებული ფორმებიცაა:

  • დამცავი აღჭურვილობის ან სამუშაო უნიფორმის ჩაცმის დრო: დასაქმებულთა 36% მიუთითებდა ასეთი ვალდებულების არსებობაზე, საიდანაც ეს დრო  დასაქმებულთა 52%-ს არ უნაზღაურდება.
  • სამუშაო ადგილის/პროცესის მომზადება: დასაქმებულთა 67% მიუთითებდა ასეთი ვალდებულების არსებობაზე, თუმცა მათ 86%-ს ამისთვის არანაირ ანაზღაურებას არ უხდიდნენ.
  • სავალდებულო ტრენინგები და შეხვედრები: დასაქმებულთა 48%-ს ავალდებულებდნენ მონაწილეობა მიეღო არასამუშაო დროს ტრენინგებში, რომელთა 80%-საც ამის სანაცვლოდ არანაირ ანაზღაურებას არ აძლევდნენ.
  • შესვენების დროს მუშაობა: დასაქმებულთა 48% მიუთითებდა შესვენების დროს მუშაობას შესაბამისი ანაზღაურების გარეშე.

მოპარული ხელფასის კიდევ ერთ გავრცელებულ პრაქტიკას ანაზღაურების გარეშე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება წარმოადგენს, რომელის არსებობაზეც დასაქმებულთა 34% მიუთითებს. კანონმდებლობის თანახმად, შრომა, რომელიც აღემატება კვირაში 40 საათს (48 საათს სპეციფიკურ საწარმოებში) ზეგანაკვეთურ შრომას წარმოადგენს და გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს. დასაქმებულთა 89% მიუთითებს, რომ მათი შრომითი ხელშეკრულება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფს საერთოდ არ განსაზღვრავს.

შვებულების უფლების დარღვევა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა, რომლის დარღვევაზეც დასაქმებულებები მიუთითებდნენ. კანონმდებლობის თანახმად, ყველა დასაქმებულს მუშაობის 11 თვის შემდეგ ეკუთვნის ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში მინიმუმ 24 სამუშაო დღის ოდენობით. თუმცა იმ დასაქმებულთა 57%-მა რომელთაც კანონით შვებულება ეკუთვნოდათ, მიუთითა, რომ მათ ან საერთოდ არ მისცეს კუთვნილი შვებულება ან სრულად ვერ შეძლეს 24 დღის გამოყენება.

მოპარული ხელფასის საქართველოში დამკვიდრებული სხვა მნიშვნელოვანი ფორმები:

  • მომსახურების სფეროში, იმ დასაქმებულთა 2/3, რომელთა დასაქმების ადგილზეც ჩაის (თიფს) იღებდნენ, მიუთითებდა რომ ისინი დამსაქმებლისგან ჩაის თანხას არ იღებდნენ.
  • იმ დასაქმებულთა ¼, რომელიც სამსახურიდან წამოვიდა, მიუთითებდა, რომ მათ არ მიუღიათ წამოსვლამდე მათთვის კუთვნილი ბოლო შრომის ანაზღაურება.
  • დასაქმებულთა 14% მიუთითებდა ხელფასის უკანონო დაქვითვაზე, პროდუქტის დაზიანების, მოპარვის ან სხვა გარემოების გამო.

[1] მონაცემები სრულად ეფუძნება დასაქმებულების მიერ მოპარული ხელფასის გამომთვლელში შეყვანილ ინფორმაციას. ღირსეული შრომის პლატფორმა დამოუკიდებლად არ ამოწმებს გამომთვლელში ინდივიდუალური დასაქმებულების მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეს.

 

###

საკონტაქტო პირები პრესისთვის: ანა ტოკლიკიშვილი, 595 221 999, ეთო გვრიტიშვილი, 555 205 203