არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი; გააუქმოს ყველა ის აქტი, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლის ნგრევის საფუძველი გახდა და აღუდგინოს საყდის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი.
2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია “არემჯი გოლდმა” განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე.
საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის შესახებ მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა (საია, მწვანე ალტერნატივა) და კერძო პირების სამართლებლივი დავა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია არემჯი გოლდის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 3 ივნისს არემჯი გოლდს შეუჩერა მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო უბანზე; ხოლო, 2014 წლის 13 ივნისს კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა, სასამართლომ ბათილად ცნო და განსახილველად სამინისტროს დაუბრუნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა აღარ დაელოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ. ამით საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს კვლავ დაუბრუნა უძრავი ძეგლის სტატუსი, რომელიც 2014 წლის 12 დეკემბერს პარასკევს საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროს კიდევ ერთხელ მოეხსნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართული სხდომის შემდეგ მიღებული ადმინისტარციულ-სამართლებლივი აქტით. მეორე დღესვე, 2014 წლის 13 დეკემბერს, შაბათს, კომპანია არემჯი გოლდმა განაახლა ფართომასშტაბიანი აფეთქებითი სამთამადნო სამუშაო საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო უბანზე. ზემოთხსენებული სახელმწიფო უწყებების მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იყო გაუმჭვირვალედ, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის სრული უგულებელყოფით.
ამ ეტაპზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ბორცვი თითქმის მონგრეულია. მასზე მიმდინარეობს 24-საათიანი მსხვილმასშტაბიანი სამთო-მოპოვებითი სამუშაო. მეცნიერთა არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, იქ არ უშვებენ მონიტორინგის ჯგუფს. საზოგადოებრივი პროტესტსა და მოთხოვნას სამინისტროს, სააგენტოსა და კომპანიის მაღალჩინოსნები არ პასუხობენ.
საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ: კულტურული მემკვიდრეობა ქვეყნის სულიერი და მატერიალური განვითარების მატიანეა, ერის თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და თვითმყოფადი ეროვნული კულტურის უწყვეტობის წინაპირობაა და კაცობრიობის საერთო საგანძურის განუყოფელი ნაწილია.
საყდრისი-ყაჩაღიანი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, რადგან მასზე არსებული გამონამუშევრების კვალი თარიღდება არაუადრეს ძვ.წ.აღ-ის III ათასწლეულისა. საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, კულტურის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, მოქმედ კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებს არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანება, რომელიც, დროის მცირე მონაკვეთში საეჭვო გარემოებეში გამოიცა და რომლის საფუძველზეც არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) სახელით საყდრისი-ყაჩაღიანში უკანონოდ მიმდინარეობს მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები. შედეგად, კერძო კომპანიის სასარგებლოდ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდროების მიზანმიმართულ განადგურებას აქვს ადგილი.
მიმართვას ხელს აწერენ:
„მწვანე ალტერნატივა”, საია, „მემკვიდრეობა”, „CENN”, საყრდისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი, „მწვანე მუშტი”, „ძეგლის მეგობარი”, ICOMOS, „აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და ხელოვნების საბჭო” (EPACC), „იბერიანა”, ფონდი ტასო; თბილისის ჰამქარი, პარტიზანული მებაღეობა, „ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორია”, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია; ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი; სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; ინფორმაციისა და თავისუფლების ინსტიტუტი; ლიბერალური აკადემია; მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია; საერთაშორისო ფონდი “ლეა”; ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი; საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი”; კულტურულ ურთიერთობათა ცენტრო – კავკასიური სახლი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ასოციაცია “ტოლერანტი”
მედიის განვითარების ფონდი; კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი” ა/ო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი; ასოციაცია „გადავრჩინოთ მომავალი თაობა”; ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.