მეწარმეობის სასწავლო მოდული დამტკიცდა

29.11.2023

ყველასთვის, ვისაც მეწარმეობის შესწავლა სურს, უკვე არსებობს თანამედროვე სტანდარტის სასწავლო მოდული, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტომ დაამტკიცა. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, უკვე ყველა პროფესიულ სასწავლებელსა თუ უნივერსიტეტს აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი მოდულით იხელმძღვანელოს და სტუდენტებს პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა ახალი, საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისი ფორმით შესთავაზოს.

სასწავლო მოდული, რომელიც ორგანიზაციამ Mindworks შექმნა, ევროკავშირის პოლიტიკის დოკუმენტს, EntreComp-ს ეფუძნება და იქამდე არსებული სტანდარტის გამოწვევებს ჭრის. სტუდენტები, რომლებიც ამ მოდულის მიხედვით ისწავლიან, მეწარმეობას საინტერესო  პერსპექტივით დაინახავენ, გამოწვევების ინოვაციურად გადაწყვეტისა და ამ საქმისთვის საჭირო სხვა უნარებსაც შეიძენენ.

ამასთან, ჩვენი მხარდაჭერით შეიქმნა მეწარმეობის სახელმძღვანელოც, რომელიც სასწავლო მოდულის მოთხოვნებს ერგება. სახელმძღვანელო „ანტრეპრენერობა“ საინტერესოა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ანტრეპრენერობის არსი ან საკუთარი საქმის წამოწყება აინტერესებს. თანამედროვე სახელმძღვანელო ადვილად წასაკითხია და რეალური მაგალითებით, აუდიო-ვიზუალური მასალებითა თუ პოდკასტებითაა გაჯერებული, რაც შემეცნების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

სახელმძღვანელო ბევრ სასწავლებელში უკვე დაინერგა და მასწავლებლები შესაბამისად გადამზადდნენ. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერილმა რამდენიმე ადამიანმა საკუთარი სტარტაპ იდეის განხორციელება სწორედ ამ სტანდარტზე დაფუძნებული გამოცდილებით დაიწყო.

მეწარმეობის სასწავლო მოდული და სახელმძღვანელო „ანტრეპრენერობა“ შეიქმნა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ღია საზოგადოების ფონდი“ და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ ახორციელებდნენ.

სიახლეები

მულტიმედია