მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება მედიაგარემოს გაუარესების საგანგაშო შემთხვევებს

14.09.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ბოლო პერიოდის საგანგაშო შემთხვევებს, რომელიც მანიშნებელია მედიაგარემოს კიდევ უფრო გაუარესებისა ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს ისედაც რთულ ვითარებაში უწევთ საქმიანობა. სახიფათოა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, თავდასხმები წამყვანი მედიის, “მთის ამბების”, წინააღმდეგ, და მისი მცდელობები, ცენზურას დაუქვემდებაროს დამოუკიდებელი მედია OC Media. საგანგაშოა, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმის დახურვასთან დაკავშირებით.

  • პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აგრძელებს “მთის ამბების” წინააღმდეგ კამპანიას და აგრესიულ რიტორიკას. ის თავს დაესხა რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, და მას “თვითგამოცხადებული ჟურნალისტი” უწოდა. გელა მთივლიშვილის განცხადებით, მედია არ აპირებს პოლიტიკოსებთან დისკუსიაში შესვლას, თუმცა “მისი (შალვა პაპუაშვილის) და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სხვა ლიდერების ყოველი ასეთი განცხადება აუარესებს მედიის სამუშაო გარემოს და მას უფრო მეტად საშიშს ხდის”.

  • დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, OC Media-ს, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპედის გამოქვეყნებაზე უარის მიღების შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა წერილში, რომლითაც გამოცემის დონორებს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაგამოცემამ პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელს უარის ობიექტური მიზეზები განუმარტა, პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, დონორებთან წერილის გაგზავნით მედიასაშუალებაზე გავლენა მოეხდინა და ის ცენზურის ქვეშ მოექცია.

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის, საქმის დახურვის შესახებ. მშვილდაძის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულს საქმეში არსებული ვიდეოკადრები არ მიაწოდა და „ფორმულას“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების დროს აღმოჩენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა. 

“ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის პროტესტის შედეგად ვერ შეძლო “რუსული კანონის” მიღება, რომლის მიზანი ქვეყანაში, მათ შორის, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის განადგურება იყო. თუმცა, შალვა პაპუაშვილის განცხადებები და ქმედებები ცალსახად მიანიშნებს, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს ქმედებებზე “რუსული კანონის” სულისკვეთებით და მედიაზე ზეწოლას ახორციელებს.

თავდასხმები მედიის მფლობელებზე და დამოუკიდებელ ონლაინ მედიასაშუალებებზე ზეწოლის მცდელობები ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ზღუდავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას, არამედ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილ დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ანადგურებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მედიის თავისუფლების დასაცავად. ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლების პრინციპების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

სიახლეები

მულტიმედია