„სოფელში როცა სასწრაფო იგვიანებს, მე შემიძლია, ადამიანებს დროულად დავეხმარო და იქნებ მათი სიცოცხლეც ვიხსნა“ – გვიზიარებს ნანა გულედანი, რომელიც პირველი დახმარების აღმოჩენას სწავლობს, რათა საკუთარი თემი გააძლიეროს. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, 26 წლის ნანა წითელი ჯვრის აქტივობებშია ჩართული.
ერთ დღეს, როცა ნანამ 3 მცირეწლოვანი შვილი სკოლასა და ბაღში გააცილა, გადაწყვიტა, რომ თავისუფალი დრო პროდუქტიულად, საკუთარი თავის განვითარებისთვის გამოეყენებინა. საოჯახო საქმეებსა და ბავშვებზე ზრუნვაში ჩართულს, იქამდე არც უმაღლესი განათლების მიღებისა და არც დასაქმების გამოცდილება ჰქონია. ასე აღმოჩნდა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში“, რომელიც LINKS პროექტის ფარგლებში, ადგილობრივებს დასაქმებისა და ახალი პროფესიის ათვისების შესაძლებლობას სთავაზობდა. LINKS პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, “ღია საზოგადოების ფონდისა“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება.
სწავლაზე ორიენტირებული ნანა კომპიუტერული პროგრამების კურსს დაესწრო იმ მოტივით, რომ მიღებული ცოდნა სოფლის მოსახლეობისთვის გაეზიარებინა. კომპიუტერი არ ჰქონდა და ლექციებს ხელნაწერებით იმახსოვრებდა. თუმცა, წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, მალევე აღმოჩნდა წითელ ჯვარში, სადაც სხვადასხვა გარემოში ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხეების მართვას სწავლობს, მოხუცებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება და აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქციებსა თუ პროექტებში. „ღია საზოგადოების ფონდისგან“ ნანამ საჩუქრად მიიღო ლეპტოპიც, რათა მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს სწავლისა და დასაქმების სამომავლო საქმეებში.
„პირველი დახმარება არის ცოდნა, რომელიც ყველას გამოადგება, მათ შორის, ჩვენს სოფელში, ქვენობანში, სადაც სასწრაფოს არაერთხელ დაუგვიანია“.
„ბავშვებს უხარიათ, რომ ვმუშაობ, მე კი მიხარია, რომ შემიძლია, მათ რაღაც ახალი ვასწავლო. გარკვეულწილად, მათ მაგალითად ვიქეცი, რათა ისწავლონ და იყვნენ ბედნიერები იმ საქმით, რასაც სხვების მხარდასაჭერად გააკეთებენ“.