ლაზარე, რომელმაც ნიქოზელ ბავშვებს კლდეზე ცოცვა შეაყვარა

24.05.2023

ნიქოზში ახალგაზრდებს გაზაფხულის მოსვლა იმიტომ უხარიათ, რომ მეკლდეურობაში ვარჯიშს იწყებენ. უფრო ხშირად ჩამოდის ლაზარე, მათი მთავარი მწვრთნელი და გულშემატკივარი, რომელმაც მოიარა თბილისი, ძეგვისა და ბედიანის ბავშვთა სახლები, აგვისტოს ომი, არაერთი მონასტერი და მერე ამ ბავშვების ახალი, ჯანსაღი ინტერესის სულისჩამდგმელად იქცა. მალე, ნიქოზის ბავშვების ზამთრის მოწყენილობასაც შეავსებს სავარჯიშო დარბაზი, რომელიც აწ უკვე მეკლდეურობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ლაზარე კომახიძის დაუღალავი შრომითა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ეწყობა.

ლაზარე პატარა იყო, დედასთან და 7 დედმამიშვილთან ერთად თბილისიდან ჯერ ძეგვის ბავშვთა სახლში, მერე კი ბედიანის საოჯახო ბავშვთა სახლში რომ გადასახლდა. იქ დედა ბავშვებს ასწავლიდა და თოჯინების თეატრს მართავდა. სხვა 150-მდე თანატოლთან ერთად იზრდებოდა ლაზარეც, როცა მეკლდეურობით დაინტერესდა. რუტინული ცხოვრება საინტერესო მიზანმა ჩაანაცვლა და ის მალე საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

მერე, სასულიერო სემინარიაში სწავლა და მონასტერში დარჩენაზე ფიქრი დაიწყო. ასე აღმოჩნდა ნიქოზის მონასტერში 2008 წლის 8 აგვისტოს, ომის ყველაზე მძიმე დღეებში.  მეუფესთან ერთად უვლიდა ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლილ სახლებში დატოვებულ საქონელს და ეხმარებოდა მას სხვა მზრუნველობით საქმეებში მანამ, სანამ თვითმფრინავიდან ჩამოგდებული ჭურვის შედეგად მონასტერი დაიფერფლებოდა. ყველა გადარჩა, თუმცა ადგილზე ვეღარ გაჩერდნენ.

ლაზარემ ნიქოზთან კავშირი ვერ გაწყვიტა. ადგილობრივ ბავშვებს მონასტრის საკვირაო სკოლის ფარგლებში დაუახლოვდა და მათთვის საგანმანათლებლო წრეებსა და ველოტურებს აწყობდა. ბოლოს კი ბავშვობის საყვარელ სპორტს დაუბრუნდა და გააკეთა საცოცი კედელი, რამაც ათეულობით ადგილობრივ გოგოსა და ბიჭს ჯანსაღი ცხოვრების წესი შეაყვარა, მოტივაცია მისცა და ყოველდღიურობა გაუხალისა.

ღია ცის ქვეშ მდგარი კედელი მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო მზეში, ქარში თუ ცივ ამინდებში სავარჯიშოდ. ბავშვების ანგარიშზე არაერთგზის ჩემპიონობა და ბევრი პრიზი იყო, თუმცა, ხშირი პაუზების გამო, მიღწეული შედეგი იკარგებოდა. ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესით მოტივირებული ლაზარეს დაუღალავი მცდელობებით, ნიქოზის მეკლდეურთა კლუბს გადაეცა შენობა, რომელსაც გარემონტება სჭირდებოდა. დღეს, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერითა და მოხალისეთა ჩართულობით, ეს შენობა მოპირკეთების პროცესშია და მალე ნიქოზში იქნება სივრცე, სადაც მეკლდეურობით დაინტერესებული 50-მდე ბავშვი ნებისმიერ ამინდში ივარჯიშებს. დარბაზის მოსაწყობად კვლავ საჭიროა ბევრი ნაბიჯის გადადგმა, რაშიც კლუბს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

მეკლდეურობა სოფელში წამყვანი სპორტია და წინ დიდი გზაა ჩემპიონობისკენ.