კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმაურება პარლამენტის მიერ პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას

28.09.2015

2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც ხელისუფლება პროკურატურის სისტემის რეფორმას უწოდებს. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არაერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ პროცესს და საჯაროდ წარადგინა დასკვნები კანონპროექტზე. კოალიცია აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის და მისი განთავისუფლების ახალი წესის დადგენა არ არის საკმარისი პროკურატურის სისტემის რეფორმირებისათვის და შესაბამისად, მიმდინარე პროცესს ვერ ვუწოდებთ პროკურატურის სისტემის რეფორმას. ასევე, კოალიციამ უარყოფითად შეაფასა კანონპროექტის პირვანდელი ვერსია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა მთავარი პროკურორის არჩევის პროცესის დეპოლიტიზირებას. მოგვიანებით, იმავე შინაარსის დასკვნა შეიმუშავა ვენეციის კომისიამ, სადაც აღინიშნა, რომ მართალია პროკურატურის რეფორმირების პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის სისტემის სრულ დეპოლიტიზირებას. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ნებისა და მზადყოფნის არარსებობა.

კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებულ ვერსიასთან დაკავშირებით კოალიციას სურს კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ მიუხედავად მასში განხორციელებული რამდენიმე პოზიტიური ცვლილებისა, კანონპროექტით დასახული მიზანი – მოხდეს პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირება – მიუღწეველია, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად წარმოდგენილი ცვლილებები არის ფრაგმენტული ხასიათის და ისინი არ ეხება ისეთ ძირეულ პრინციპებს, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს პროკურატურის სისტემის რეალური დამოუკიდებლობა. კერძოდ:

1. როგორც ვენეციის კომისიის დასკვნით, ისე კოალიციის შეფასებით, მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესის დეპოლიტიზირებისთვის საჭირო იყო იმგვარი პროცედურის დაწესება, რომელიც გამორიცხავდა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები კანდიდატის დანიშვნის შესაძლებლობას. ამასთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანონი უნდა ადგენდეს იმგვარ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს მთავარი პროკურორის დანიშვნას პროფესიული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, პროფესიული წრეების და საზოგადოების წარმომადგენელთა კონსენსუსით.

მიღებული კანონპროექტით მთავარი პროკურორის კანდიდატის საბოლოოდ დამტკიცება პარლამენტის მიერ ხდება უბრალო უმრავლესობით, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა. აღნიშნულს არც საპროკურორო საბჭოში კანდიდატის შერჩევის წესი აბალანსებს, ვინაიდან კანონპროექტი უშვებს შესაძლებლობას საპროკურორო საბჭოში შეირჩეს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალისათვის მისაღები კანდიდატი.

2. კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი კვლავ რჩება საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელად, ინარჩუნებს მთავარი პროკურორის კანდიდატების ერთპიროვნულად ნომინირების უფლებამოსილებას და აგრეთვე გააჩნია მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები საპროკურორო საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

3. კანონპროექტით არ არის დადგენილი ცხადი საკვალიფიკაციო/პროფესიული კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რის გამოც საპროკურორო საბჭო რჩება შეზღუდული იუსტიციის მინისტრის ერთპიროვნული არჩევანით. მართალია, კანონპროექტის განახლებული რედაქცია ადგენს კანდიდატისთვის მინიმალურ საკვალიფიკაციო და პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმები არ არის საკმარისი კანდიდატის პროფესიული ნიშნით შესარჩევად, პროფესიული შერჩევის არარსებობის პირობებში იზრდება იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატის პირველადი ნომინირებისას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების რისკები.

4. კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ იუსტიციის მინისტრს ჰქონდეს ვალდებულება, საბჭოს წარუდგინოს არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატი. თუმცა, აღნიშნული რეკომენდაცია საჭიროებდა არა ფრაგმენტულად, არამედ სხვა რეკომენდაციებთან ერთად გათვალისწინებას. ნაცვლად ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების დადგენისა, იუსტიციის მინისტრს განესაზღვრა ვალდებულება, კანდიდატები წარადგინოს საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად, თუმცა არაა დაკონკრეტებული, რა წესით და პროცედურებით მიმდინარეობს საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაცია, მხოლოდ კონსულტაციის დროს ამ სუბიექტების მიერ შეთავაზებული კანდიდატების წარდგენა შეუძლია მინისტრს თუ გარეშე პირებისაც, აგრეთვე, რა შინაარსის უნდა იყოს კანდიდატების წარდგინების დასაბუთება, რა გარემოებებზე უნდა მახვილდებოდეს მასში ყურადღება და ა.შ. ამასთან, ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების არსებობა აუცილებელია  იმის მიუხედავად, იარსებებს თუ არა მინისტრის მიერ კონსულტაციების გავლის თუ მინისტრის არჩევანის დასაბუთების ვალდებულება, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა მინისტრი ერთპიროვნულად რჩება უფლებამოსილი, მოახდინოს კანდიდატის პირველადი ნომინირება.

5. მთავარი პროკურორის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი თანამდებობიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების მარეგულირებელი წესები. კანონპროექტის განახლებულ რედაქციაში კვლავ რჩება ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების ზედმეტად პოლიტიზირებული პროცედურები, აღნიშნულ პროცედურაში მონაწილე დროებითი პროკურორის შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანი მექანიზმები, მის მიერ საქმის წარმოების ბუნდოვანი ბუნება, მთავარი პროკურორის არასაკმარისი სამართლებრივი გარანტიებით აღჭურვა და მთლიანი პროცესიდან სასამართლოს ჩართულობის გამორიცხვა. აგრეთვე ბუნდოვანია მთავარი პროკურორის დისციპლინირების პროცედურები. აღნიშნული საკითხების უფრო დეტალური შეფასება მოცემულია კოალიციის საჯარო განცხადებაში.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მომავალშიც დააკვირდება მთავარი პროკურორის ახალი წესით შერჩევა/დანიშვნის პროცესს, კანონის ამოქმედების შემდეგ შეაფასებს ახალი წესით საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებისა და პარლამენტის მიერ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესს და საზოგადოებას წარუდგენს საკუთარ დასკვნას.

კოალიციის წევრები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მრავალეროვანი საქართველო

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი

ლიბერალი

კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კავშირი “21-ე საუკუნე”

საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

დემოკრატ მესხთა კავშირი

თავისუფლების ინსტიტუტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

დემოკრატიის ინსტიტუტი

ამერიკის სავაჭრო პალატა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

თბილისის მედია კლუბი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

სამოქალაქო  ჩართულობის ინსტიტუტი

საქართველოს  იურიდიული ფირმების ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცი

საქართველოს ევროპული არჩევანი

ლიბერალური აკადემია თბილისი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

ადამიანის უფლებათა ქსელი