ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ( IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2014 წლის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა და ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით 2014 წლის ყველაზე ღია და დახურული დაწესებულებები დაასახელა. IDFI დაწესებულებების გამჭვირვალობის ხარისხს პროექტის “საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა- www.opendata.ge” ფარგლებში 2010 წლიდან აფასებს ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველოს” მხარდაჭერით.
IDFI-მ 2014 წელს 308 დაწესებულებაში გაგზავნა 5466 განაცხადი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. აქედან მიიღო: 3628 სრულყოფილი პასუხი, 356 არასრულყოფილი პასუხი, 85-უარი, ხოლო უპასუხოდ დარჩა 1397 მიმართვა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საწყის ეტაპზე, სრულყოფილად გაცემული პასუხების 81%-იანი მაჩვენებელი ფარგლებში 66% – მდე შემცირდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 11%-დან 26%-მდე გაიზარდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ნიშნულს მიუახლოვდა.
სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელმაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მეტად გააუმჯობესა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. 2012-2013 წლების მაჩვენებელთან (75%) შედარებით მიმდინარე პროექტში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა 23%-ით და შეადგინა 98%.
ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დასახელდა.
სერტიფიკატი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისათვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
სპეციალური სიგელები „2014 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის” მიიღეს შემდეგმა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებებმა:
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
• საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
• საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
• აჭარისა/რ-ისგანათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ასევე, IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს (სულ 38 დაწესებულება). მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საჯარო სამსახურის ბიურო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სახალხო დამცველის აპარატი, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი, სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური და სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, რომლებმაც 2012-2013 წლების მსგავსად კვლავ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირეს.
წელს, IDFI-მ ახალი ნომინაცია დააწესა: საუკეთესო დაწესებულებები ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თვალსაზრისით. ამ ნომინაციაში სიგელები მიიღეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსმ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ. მათ იმდენად დეტალურად უდევთ ვებგვერდებზე კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, რომ მკვლევარებს დამატებით ინფორმაციის გამოთხოვა აღარ ესაჭიროებათ.
სიგელების გადაცემის ცერემონია 12 თებერვალს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროების, არასამთავრობოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.