წყარო: გამოცემა “ლიბერალი”
ავტორი: თათია ხალიანი
„ამაზე ბევრს არ ვფიქრობ… რა აზრი აქვს. ჩემი ცხოვრება სკოლაში გაკვეთილების დროს ჩუმად შევსებულ დღიურებში დარჩა. ეს სხვისი ცხოვრებაა, სადაც შეცდომით ჩამსვეს. მე რა მინდოდა? აღარც მახსოვს, ალბათ, ბევრი რამე. ან არ ვიცი, ვერ მოვასწარი, ეს გამეგო~.
ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებში უმეტესობა არასრულწლოვანი გოგოა. დაქორწინების შემდეგ ისინი სწავლას აღარ აგრძელებენ. ზოგიერთი მათგანი სასკოლო განათლების საბაზო საფეხურსაც ვერ ამთავრებს. ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად გოგონებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას ართმევს.
საბინა
ერთ დღესაც, სკოლიდან დაბრუნებულს, მშობლებმა უთხრეს, რომ მალე უნდა დაქორწინებულიყო. საბინა მაშინ 15 წლის იყო. არც ის იცოდა, ვისზე ათხოვებდნენ და არც ის _ რატომ. სკოლაში კარგად სწავლობდა. უნდოდა, ჟურნალისტი გამოსულიყო. მე-11 კლასში იყო, მის სახლში უცხო ადამიანები გამოჩნდნენ და მისი ხელი ითხოვეს. დაინიშნა. უფროსები შეთანხმდნენ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ გაჰყვებოდა ცოლად ბიჭს, რომელიც მასზე 13 წლით უფროსი იყო. მშობლები ეუბნებოდნენ, რომ მისთვის ასე უკეთესი იქნებოდა, კარგი და შეძლებული ბიჭი უზრუნველ მომავალს შეუქმნიდა. მშობლებს დაუჯერა.
საბინას მამას უმაღლესი განათლება აქვს, დედას _ არა. ისიც 17 წლის გათხოვდა. საბინასგან განსხვავებით, მისი ძმა იძულებით არავის დაუქორწინებია. მამის გადაწყვეტილებით, სწავლა ოჯახში ბიჭს უნდა გაეგრძელებინა.
უცხო ადამიანთან ცხოვრება რთული აღმოჩნდა, მეუღლეს მალევე გაშორდა და ფეხმძიმე სახლში დაბრუნდა. ახლა 23 წლისაა.
„განათლება არ მაქვს. სამსახურს ვერ ვშოულობ. ჩემი მშობლები ახლა ნანობენ, რომ გესწავლა, ნორმალური სამსახური გექნებოდაო. 4 წლის შვილი მყავს. ძალიან რთულია. პიროვნული განვითარებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა დავკარგე. ნაადრევმა ქორწინებამ შემაფერხა. მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ და ახლა მეუბნებიან, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ხედავენ, გათხოვებამ რა შედეგიც მომიტანა, მაგრამ გვიანია. მე მაინც ვცდილობ _ კოლეჯში ვსწავლობ, ძალიან მინდა უნივერსიტეტში მოხვედრა”, – ამბობს საბინა.
გარდაბანი, მე-4 საჯარო სკოლა
დირექტორის მოვალეობას სასწავლო ნაწილის გამგე სამსონ აზიზევი ასრულებს. სამი თვის წინ სკოლის დირექტორმა განცხადება დაწერა და სამსახურიდან წავიდა. შემცვლელი ჯერ არ დაუნიშნავთ. სკოლაში 780 მოსწავლე სწავლობს. შარშან ქართული სექტორი გაიხსნა.
სამსონ აზიზევი ამბობს, რომ სკოლიდან ბავშვების გასვლა სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული, თუმცა ამ მიზეზებს სკოლაში არავინ აღრიცხავს. უჭირს ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლიდან გასული მოსწავლეების რაოდენობის დასახელებაც. ამბობს, რომ სკოლას ბავშვები მაშინ ტოვებენ, როცა ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადადის. ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევა კი სულ უფრო და უფრო იშვიათია. იხსენებს, რომ გასულ წელს ორი მეთორმეტეკლასელი დაქორწინდა. რამდენიმე გოგო დანიშნულია და სკოლის დამთავრების შემდეგ გათხოვდება.
ქართული ენის მასწავლებელი ემა ლიპარტელიანი ჰყვება, რომ, როგორც წესი, სკოლიდან გასვლის მიზეზად ქორწინებას არავინ ასახელებს. საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სრულ საშუალო განათლებას ყველა არ იღებს. განსაკუთრებით ხშირია მეცხრე კლასის შემდეგ ბავშვების მიერ სკოლის დატოვების შემთხვევები. ამბობს, რომ კანონი არ ირღვევა, მათ ამის უფლება აქვთ, შემდეგ კი ისინი ქორწინდებიან, თუ სწავლას სხვაგან აგრძელებენ, ეს მშობლების პასუხისმგებლობაა.
„მაგალითად, შარშან კლასში 35 ბავშვი მყავდა, მეათე კლასში 24 ბავშვი დარჩა, დანარჩენები მეცხრე კლასიდან გავიდნენ. ზოგი კოლეჯში სწავლობს, ზოგი უცხოეთში დადის სამუშაოდ მშობელთან ერთად. როცა სწავლა დაიწყო, მშობლები შევკრიბე და გავაფრთხილე, რომ ბავშვებმა, რომლებიც მეათე კლასამდე მოვიდნენ, სკოლა უნდა დაამთავრონ. თუ გაყვანაზე ფიქრობთ, ჯობია, ახლა წაიყვანოთ, ვიდრე ბავშვს გული დასწყდეს და მე-11 კლასში დაატოვებინოთ სკოლა. მე ვეუბნები მშობლებს _ ბავშვს ნუ გააუბედურებთ იმის გამო, რომ ის ბიჭი მდიდარია, შეძლებულია და თქვენ არ გინდათ, ხელიდან გაუშვათ ეს ვარიანტი. ჯერჯერობით, ჩემს კლასში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა”. _ ამბობს ემა ლიპარტელიანი.
პედაგოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ სკოლის მხრიდან „ოჯახურ ამბებში” ჩარევა არასოდეს ხდება და მშობლებს „მეტი” უფლებები აქვთ. სკოლა კი მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლება.
შარშან სკოლა ოცდაათამდე მოსწავლემ დაამთავრა. სამსონ აზიზევი წიგნაკში იმ ბავშვების სიას ეძებს, ვინც უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო, საბოლოოდ კი გვეუბნება, რომ ასეთი დაახლოებით თხუთმეტი მოსწავლე იყო.
სკოლაში ინგლისურ ენას თეონა მჭედლიშვილი ასწავლის. ამბობს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინებების შემცირების მიუხედავად, ეს პრობლემა მაინც არსებობს და ამას ვერ გავექცევით. ჰყვება, რომ მართალია, ბოლო დროს იშვიათად ხდება, თუმცა გავრცელებული პრაქტიკაა დანიშვნა.
თეონა იხსენებს, რომ წელს სკოლის ერთი მოსწავლე გოგონა მოიტაცეს, მოგვიანებით მშობლებმა გოგონა სახლში დააბრუნეს, მაგრამ სკოლაში აღარ უშვებენ.
სკოლაში ვერ იხსენებენ ფაქტს, რომ მოსწავლე ბიჭი დაქორწინებულიყოს. სკოლიდან, ძირითადად, გოგონები თხოვდებიან. შემდეგ კი სწავლას აღარ აგრძელებენ.
გარდაბანში ოთხი საჯარო სკოლაა: საბაზო, ქართული, აზერბაიჯანული და რუსული. სამსონ აზიზევის თქმით, მე-4 საჯარო სკოლა რუსულ სკოლად მიიჩნევა. მოსწავლეების 90% აზერბაიჯანელია.
ამბობენ, რომ სკოლას ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები აკითხავენ და უფლებებთან დაკავშირებით ლექციებს ატარებენ.
* * *
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში 900-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. სკოლის დირექტორი მახმუდ მეხტიევი ამბობს, რომ ადრეული ქორწინების შემთხვევები ადრე უფრო ხშირი იყო, 13-14 წლის გოგონები სკოლიდან თხოვდებოდნენ და სწავლას ვეღარ აგრძელებდნენ. წელს მხოლოდ ერთ ფაქტს იხსენებს, როცა მეთერთმეტეკლასელი გოგონა დაქორწინდა.
დირექტორი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ განათლების სამინისტროს ინიციატივით, სკოლაში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სწორედ ნაადრევ ქორწინებასა და განათლების უფლებაზე ისაუბრეს; იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტული უნდა იყოს განათლება როგორც მშობლებისთვის, ისე თემისთვის. მახმუდ მეხტიევი ჰყვება, რომ შეხვედრამ სოფელში ინტერესი გამოიწვია და მას ბევრი ადამიანი დაესწრო.
ადრეულ ასაკში ქორწინება – მიზეზები, ციფრები, შედეგები
სამირა ბაირამოვა წლების განმავლობაში ადრეული ქორწინების მიზეზებს იკვლევდა, დადიოდა სოფლებში, ხვდებოდა მოსახლეობას და მათგან ბევრ საინტერესო ამბავს ისმენდა. სამირა ორგანიზაციის „ჟურნალისტური ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” კოორდინატორია ქვემო ქართლში.
შეხვედრები სკოლებში, ეზოებში, ქუჩებში – ადამიანებს უყვებოდა გოგონების უფლებების შესახებ, მოსწავლეებს აწვდიდა ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიების შესახებ. ასე მოიარა ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის სოფლები.
სამირა ბაირამოვას შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინებას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს და რთულია იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ტრადიციული შეხედულებების ბრალი ან კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. სამირა ამბობს, რომ, პირველ რიგში, ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც პრობლემას, არ აღიარებს არც სკოლა, არც სამართალდამცავი ორგანოები, არც ადგილობრივი ხელისუფლება და, ზოგადად, სახელმწიფო. შესაბამისად ეს „არაღიარება” პრობლემას კიდევ უფრო უხილავს ხდის.
„მასწავლებლებთან გვქონდა შეხვედრები, როცა მათ პასუხისმგებლობაზე ვესაუბრებოდით – რომ ვალდებულები არიან, ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს, პოლიციას, სოც. მუშაკს. ისინი კი ამბობდნენ, რომ ეს მათი საქმე არ არის. ასევე, ჯერ არ მინახავს, რომ პოლიცია ამ კუთხით რამეს აკეთებდეს. ერთ-ერთი გოგო 13 წლის გაათხოვეს. არავის აინტერესებს, არც პოლიციას, არც სკოლას, არავის. სერიოზული პრობლემაა, სადაც ყველა რგოლი გაურბის თავის პასუხისმგებლობას”, – ამბობს სამირა.
სოფლებში სიარულისას, ქალები სამირას უყვებოდნენ, რომ გათხოვების გარდა მათ სხვა პერსპექტივა არ ჰქონიათ. სკოლას ამთავრებდნენ, მაგრამ სიღარიბის, ენობრივი ბარიერისა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, სხვა არჩევანი მათთვის არ არსებობდა.
სამირა მიიჩნევს, რომ თუ პრობლემის გადაჭრაში სკოლა უფრო აქტიურად ჩაერთვება, ვითარება მეტ-ნაკლებად შეიცვლება: „როცა სკოლაში მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლე გაკვეთილზე არ მოდის, უნდა დაინტერესდეს, მშობლებს დაელაპარაკოს და შეიძლება სკოლაშივე მოგვარდეს ეს პრობლემა. მე მინახავს, სოფლებში როგორ პატივს სცემენ პედაგოგების აზრს. ამიტომ მასწავლებლებმა მათ მიმართ დამოკიდებულება კარგი საქმისთვის უნდა გამოიყენონ. ხშირად ყოფილა, მივდივარ სკოლაში, ვიცი, რომ იქ ასეთი ფაქტი მოხდა, მაგრამ მასწავლებლები მეუბნებიან, რომ მათთან მსგავსი არაფერი ხდება”.
ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზების, მასშტაბებისა და შედეგების შესასწავლად სიღრმისეული კვლევა საქართველოში არ მომხდარა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ სხვადასხვა დროს შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა. ფონდის მიერ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის თანახმად, 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულ ქალთა უმეტესობა ვერ ახერხებს საშუალო ან უმაღლესი განათლების მიღებას.
წლების განმავლობაში არ ხდებოდა სკოლის მიტოვების მიზეზების აღრიცხვა და ერთიან მონაცემთა ბაზის წარმოება. 2015 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევაში, მიტოვების საფუძვლის მითითება უნდა მოხდეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონულ სისტემაში რეესტრი აწარმოოს იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებმაც სკოლა მიატოვეს. ამ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით, 2014-2015 სასწავლო წელს სავალდებულო განათლების მიღების გარეშე სწავლა მიატოვა საბაზო საფეხურის 107 მოსწავლემ.
განსხვავებულია სახალხო დამცველის მონაცემები, რომელიც მან სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წელს _ 665. მოცემული მაჩვენებლებიდან 95%-ის შემთხვევაში არასრულწლოვანი გოგო იყო.
სახალხო დამცველისთვის განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება, თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, ეს მონაცემები ზუსტი არ არის, ვინაიდან ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში გამართული შეხვედრების დროს სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვთა სკოლის მიტოვების მიზეზების შესახებ სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი შეტყობინება.
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ” 2010 წლის 31 მაისის ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მოვალეობები და ვალდებულებები, როდესაც ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევა წარმოიშობა. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის შეფასებით, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებთან დაკავშირებით, რეფერირების პროცედურით გათვალისწინებული საკითხები თითქმის არ სრულდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში, ადრეულ ასაკში ქორწინების არც ერთი შემთხვევის შესახებ არ მიუღიათ შეტყობინება სკოლებიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 2015 წელს კი სოციალური მომსახურების სააგენტომ ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ სულ 47 საქმე შეისწავლა.
„ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ პედაგოგები, რომელთა ვალდებულებაშიც ფაქტის შეტყობის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება შედის. გასაუბრებიდან ირკვევა, რომ პედაგოგების აზრით, რისკის ჯგუფის ბავშვთა იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება მათ კომპეტენციას სცდება და ვერ ჩაერევიან ოჯახის საქმეში, სკოლის გარეთ არსებულ საკითხებში. ამასთანავე, ასეთი ჩარევის შემთხვევაში, არ აქვთ კონფიდენციალობის შენარჩუნების იმედი, რაც, საბოლოოდ, მათ პასიურობას იწვევს”, – ამბობს სახალხო დამცველი.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლების ადმინისტრაციის მხრიდან ელექტრონული სტატისტიკის წარმოებას მონიტორინგს უწევს სამინისტრო, ასევე _ სკოლაში პასუხისმგებელი პირი. მონიტორინგის პროცესში მოწმდება, რამდენად გამართულია რეფერირების მექანიზმი სკოლაში, კერძოდ: აქვს თუ არა სკოლას შემუშავებული და დამტკიცებული ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესები, არის თუ არა განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი და მოხდა თუ არა ძალადობის, მათ შორის, ადრეული ქორწინების შემთხვევების რეფერირება, თუმცა, რა პერიოდულობით წარმოებს მონიტორინგი სკოლებში, ან რა ტენდენციები იკვეთება ამ კუთხით, ამ კითხვებზე სამინისტრო არ გვპასუხობს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის მოკვლევამ აჩვენა, რომ სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ ინფორმაცია მათ ძირითად უფლებებთან დაკავშირებით და ფიქრობენ, რომ მშობლის შეხედულება გადამწყვეტია. შესაბამისად, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება და მეგობრული სერვისების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
მიზანი – ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია
ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის, 2014 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 1501 მუხლი – ქორწინების იძულება დაემატა. თუმცა, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2015 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა. 2015 წელს პარლამენტმა მიიღო ასევე კანონი, რომლის მიხედვით, 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება.
გასულ წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის ქვეპროგრამის” განხორციელება დაიწყო. ქვეპროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა მშობლებისთვის ადრეულ ასაკში ქორწინების რისკების გაცნობა, რაც გულისხმობს მშობლებთან შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს იმ რეგიონებში, სადაც ხშირია ადრეული ქორწინების ფაქტები.
პროექტის ფარგლებში, სამკაციანმა ჯგუფმა (ფსიქოლოგმა, ადგილობრივმა სამართალდამცავმა, სოციალურმა მუშაკმა) განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად უკვე მოაწყო ათი საჯარო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში (კაბალში, ყარაჯალაში, უზუნთალაში, განჯალაში); ასევე, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლებში (ნახიდურში, ქვემო ბოლნისში, თაქალოში, მუღანლოში, ქესალოში).
„მშობელთა განათლების და ჩართულობის ქვეპროგრამას” განათლების სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ფონდის პროგრამის მენეჯერი მარიამ ბანძელაძე „ლიბერალთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში რთულია განსაზღვრა, ექნება თუ არა ასეთი ტიპის შეხვედრებს რამე შედეგი, თუმცა, როგორც ამბობს, ეს ერთგვარი მარცვალია, რომლის შედეგები წლების განმავლობაში უფრო თვალსაჩინო გახდება.
რეგიონებში გამართულ შეხვედრებში, ჯგუფთან ერთად, საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ლეილა სულეიმანოვა მონაწილეობდა. როგორც ის ამბობს, ქვემო ქართლში ადრეულ ასაკში ქორწინების შემცირების პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა, იმავეს თქმა არ შეუძლია კახეთის რაიონის რამდენიმე სოფლის შესახებ, სადაც ნაადრევი ქორწინება კვლავ სერიოზული პრობლემაა.
„ინფორმაციის დეფიციტი არსებობს და ყველა შეხვედრის დროს ეს გამოიკვეთა. ჩვენ ვხვდებოდით მშობლებს, პედაგოგებს, ადგილობრივ მოსახლეობას, ინფორმაციის საჭიროება ყველა მხარეს აქვს. მართალია, პედაგოგები უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ ისეთ ცოდნას, როგორიცაა, მაგალითად, კანონმდებლობა, უფლებები – ნაკლებად. ამ ვაკუუმის გარღვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია პრობლემის დასაძლევად”, – ამბობს ლეილა სულეიმანოვა.
ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები 2016 წელსაც გაგრძელდება. როგორც პროგრამის მონაწილეები ამბობენ, ჯგუფის მუშაობა უახლოეს მომავალში განახლდება, თუმცა, რომელ რეგიონებში,-ჯერჯერობით, უცნობია.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის” ფარგლებში.