დადიან სკოლაში, თამაშობენ და ყოველ დღე უყურებენ რუსი სამხედროების ბაზებს, საიდანაც სისტემატურად ისმის სროლისა და აფეთქების ხმა – ასე ცხოვრობენ ბავშვები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში.
რთულია, გაიზიარო ამ ახალგაზრდების სტრესი და ომით მოყენებული ტკივილის მუდმივად განახლებადი განცდა. თუმცა, მარტივია იმის გააზრება, რომ მათ მორალური თანადგომა და განვითარების უკეთესი შესაძლებლობების შექმნა სჭირდებათ.
ამ გარემოებების საპირწონედ, ქარელის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლის 80 მოსწავლისა და 44 მასწავლებლისთვის სწავლა-სწავლების პროცესი გაუმჯობესდა. ავლევის, კნოლევისა და აცოტის სკოლების საჭიროებების კარგად მოკვლევის შემდეგ, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით, განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიამ ადგილობრივი მოსწავლეები კომპიუტერული ტექნიკითა და სასწავლო მასალებით უზრუნველყო.
წიგნები, გლობუსი თუ ლეპტოპი – მოსწავლეებმა საკუთარი სურვილების სია თავად შეადგინეს. მოტივირებულ მასწავლებლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა სასწავლო რესურსი და კარგი ბაზა სამომავლო სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეების მორალური მხარდაჭერა და მათი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით გაძლიერება მხოლოდ დადებით როლს შეასრულებს ადგილობრივი ოჯახებისა და, ზოგადად, ამ სოფლების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაში.