„განსხვავებულები – საერთო მიზნისკენ“– 2024 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული გამომცემლობები და მწერლები წელსაც დამოუკიდებელი სტენდითა და კონცეფციით წარდგნენ.
უკვე მეორე წელია, საქართველო მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობას ოთხი წამყვანი გამომცემლობის – „არტანუჯის“, „ინტელექტის“, „პალიტრა L“-ისა და „სულაკაურის გამომცემლობის“ – ორგანიზებითა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სტუმრობს. საქართველოს დამოუკიდებელი სტენდის მოწყობის საფუძველი კვლავ არის კულტურის სამინიტროს პოლიტიკა, რომელსაც ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.
სტენდის მონაწილე გამომცემლებმა და ავტორებმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გამოხატეს ქართული საზოგადოების საერთო მისწრაფება ევროინტეგრაციისკენ, ვინაიდან მათ სჯერათ, რომ ქართული ლიტერატურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ მისწრაფებას ასახავს საქართველოს სტენდის მთავარი სლოგანიც.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის მნიშვნელოვანი სივრცე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, უცხოელ გამომცემლებთან თანამშრომლობისა თუ საავტორო უფლებების გაყიდვისთვის. ქართველ გამომცემლებთან ერთად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიო საზოგადოებას შეხვდნენ ქართველი მწერლები: ივა ფეზუაშვილი, ლაშა ბუღაძე და მთარგმნელი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი. ამასთან, საქართველოს სტენდის სამუშაო სივრცე ღია იყო ნებისმიერი ქართული გამომცემლობისთვის, რომელსაც მონაწილეობა სურდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს დამოუკიდებელი სტენდის მოწყობის მხარდამჭერები ასევ იყვნენ პენ საქართველო, ადამიანის უფლებათა სახლი, საქართველოში ნიდერლანდის საელჩო და გოეთეს ინსტიტუტი.