ერთიანი საქართველო ევროპისთვის – ასე ჰქვია ევროკავშირის მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდმა, კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან (IJH) ერთად დაიწყო.
3 მილიონზე მეტი ბიუჯეტით, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით. ამასთან, პროექტის მიზანია, გააძლიეროს დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, ახალგაზრდები, მედია, ბიზნესი, ახალგაზრდა ადვოკატები და აქტივისტები; ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებსა და საზოგადოებრივ დიალოგს; მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას.
პროექტის პრეზენტაციაზე, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა.
პრეზენტაციაზე, პროექტის შესახებ საკუთარ ხედვები წარმოადგინეს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა შტეფან მალერიუსმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის (IJH) კოორდინატორმა ირმა დიმიტრაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“ გააძლიერებს:
საზოგადოებას – პროფესიონალებს საქართველოს ყველა კუთხიდან მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში, გაუზიარონ ხედვა ერთმანეთს, გაერთიანდნენ და გააგონონ საკუთარი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საქართველოსა და ევროკავშირში;
ახალგაზრდებს – სკოლის მოსწავლეები და მომავალი ლიდერები შეძლებენ, გაიგონ მეტი ევროპული შესაძლებლობებისა და ღირებულებების შესახებ, ჩაერთონ საზაფხულო სკოლებში და ფრთა შეასხან საკუთარ იდეებს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით;
მედიას – კოალიციის შექმნისა და აქტიური მედია კამპანიის გზით, მედია ჩაერთვება ევროპული ღირებულებების დაცვისა და განმარტების, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული წინაღობების იდენტიფიცირებისა და დისკუსიების ინიცირების პროცესში;
კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს – ისინი შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ დიალოგის პროცესში და შექმნან კონკრეტული კრეატიული პროდუქტები;
სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნეს-ორგანიზაციებს – ისინი ჩაერთვებიან დიალოგში და შეძლებენ, განახორციელონ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ინიციატივები.
ბიზნესს – ბიზნესები შეძლებენ, ერთმანეთსა და საზოგადოებას გაუზიარონ ევროკავშირის ბაზართან ინტეგრირების გამოცდილება.
ადვოკატებს – საქართველოს მასშტაბით მოქმედი ახალგაზრდა იურისტები მიიღებენ შესაძლებლობას, გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატები, შეიძინონ ცოდნა, უნარები და სასამართლო პრაქტიკა, დაეხმარონ საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას;
აქტივისტებს, ადამიანებს, ვისაც სჭირდება დაცვა და სასამართლოში წარმომადგენლობა მათი სამოქალაქო აქტივიზმის გზაზე შექმნილი პრობლემების გამო – ისინი მიიღებენ უფასო იურიდიულ დახმარებასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას;
მკვლევრებს – ისინი აწარმოებენ ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯების მონიტორინგს, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევებით ჩაერთვებიან დისკუსიაში და კომუნიკაციაში საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან;
ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, საერთაშორისო საზოგადოებას, აკადემიას – ისინი მიიღებენ ხარისხიან, კონსტრუქციულ და სანდო წყაროებზე დაფუძნებულ დასკვნებს, რეკომენდაციებს დიალოგისთვის, გაერთიანდებიან ამ მიზნით შექმნილ სადისკუსიო პლატფორმაზე და საერთაშორისო კონფერენციაზე შეძლებენ, განიხილონ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები.
პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ გამოფენას სახელწოდებით: „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, რომლის ფარგლებში წარმოდგენილმა ექსპონატებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს იმ ქართველი ისტორიულ მოღვაწეებისა და/ან ისტორიულ ფაქტების შესახებ, რომლებიც ადასტურებენ საქართველოსა და მისი მოქალაქეების ერთგულებას ევროპული დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და საქართველოს ისტორიულ კავშირს ევროპასთან.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სხვადასხვა პროფესიული წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები, ახალგაზრდები, ლიდერები, რომელთა ჩართულობა და თანამონაწილეობა პროექტის მომავალი წარმატების წინაპირობაა.
ვის ეხება პროექტი? რა აქტივობებია დაგეგმილი? რა შედეგებია დასახული და როგორ ვაპირებთ ამ მიზნების მიღწევას? დეტალებს გაეცნობით ბროშურაში, რომელიც პროექტის ძირითად საქმიანობას აღწერს.