ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები გარემოსდაცვით სფეროში

19.05.2015

19 მაისს “მწვანე ალტერნატივამ” და ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ” კვლევის ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში არსებულ ელიტურ კორუფციას ეხება.

ანგარიშის “ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები” მიზანი იყო ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა. დოკუმენტი აერთიანებს 2011-2014 წლებში გამოცემული სამი კვლევის შედეგებს, რომელიც ეხებოდა ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობას; ენერგოპროექტებს და გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე ნადირობის საკითხს.

კვლევების შედეგად გამოვლინდა რიგი სისტემური პრობლემებისა, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საქართველოში ელიტური კორუფციის განვითარებისათვის. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ კვლევებში ერთი და იგივე პიროვნებები ფიგურირებენ.

გარემოსდაცვით სფეროში კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორებია რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული დარგების არასწორი დაგეგმვა და მართვა; რესურსებით სარგებლობის ადგილობრივი ტრადიციებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლობა; მთავრობის არასაკმარისი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა; გაუმართავი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობაა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას; ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია კორუფციის აღმოფხვრისა და კანონის აღსრულების პოლიტიკური ნების ნაკლებობა.

კვლევის ანგარიში მიმოიხილავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქმედებებს, კანონის შერჩევით აღსრულებას, კომპანიებზე მორგებულ კანონმდებლობას, სანებართვო პირობებს, სასამართლო პრაქტიკას და პიროვნებებს, რომლებიც კორუფციულ სქემებში არიან ჩართულნი. მნიშვნელოვანი აქცენტია ჰესების პროექტებზე, პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებასა და საყდრისის პრობლემაზე.

კვლევის ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს განხილულ სექტორებში გასატარებელი ღონისძიებების და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.

ნახეთ კვლევის ანგარიში

მედია ამ თემაზე