ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის .
ტენდერი ცხადდება პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ. პროექტის მიზანია ცოდნის და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ასევე, ინვესტირება ზოგად უნარებში, პროფესიულ უნარებთან ერთად, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების უზრუნველყოფისათვის.
ტენდერის მიზანია: შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება, ტესტირება, გამოქვეყნება და პროფესიული სასწავლებლების შესაბამისი კადრების შესაძლებლობების გაძლიერება.
პროექტით გათვალისწინებულია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების მაქსიმალური ჩართვა შემდეგი სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების დიზაინსა და განვითარებაში:
– ეფექტური კომუნიკაცია (1 ელექტრონული პუბლიკაცია): საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოლაპარაკებები, პრეზენტაციის ჩატარების ტექნიკები; საჯარო პლატფორმების; სოციალური მედია კამპანიები.
– პროექტის მართვა (1 ელექტრონული პუბლიკაცია): პროექტის მართვის ციკლი; სიტუაციის, დაინტერესებული მხარეებისა და ბენეფიციარების ანალიზი; მიზნებისა და შედეგების ფორმულირება; მართვასთან დაკავშირებული რისკები; შეფასება და მონიტორინგი; პროექტის დაგეგვმა და კომუნიკაცია; ფონდების მოძიება (სოციალური სოციალური პასუხისმგებლობა).
– ციფრული თანამშრომლობა და პროდუქტიულობა (1 ელექტრონული პუბლიკაცია): ციფრულ საზოგადოებაში და ციფრულ ეკონომიკაში მონაწილეობა; კომპიუტერული უნარების განვითარება დისტანციური მუშაობისათვის; ბაზისური კომპიუტერული უნარების კურსი; გაცნობითი კურსი პროგრამულ ინჟინერიაში; სპეციალიზებული კურსი საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სამსახურებისათვის.
ტენდერით გათვალისწინებულია ინტერაქტიული ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება საქართველოს ოთხი რეგიონის: აჭარის, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის პროფესიული სასწავლებლების ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის:
120 (30 თითოეული რეგიონიდან) მონაწილის ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება შემდეგ საკითხებში:
– სწავლების მეთოდოლოგიები
– კომუნიკაცია
– პრეზენტაციის უნარები
– ონლაინ თანამშრომლობის ინსტრუმენტები
– საკლასო სივრცესა და სამუშაო გარემოში სწავლების ეფექტურობის გაზრდა.
სემინარების და დისკუსიების თემატიკა:
– განათლების რეფორმა და მიმდინარე ტენდენციები
– ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობა და დასაქმების შესაძლებლობები
– პროფესიული სასწავლებლების პასუხი დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.
განხორციელების პერიოდი: 2021 წლის მარტი – 2022 წლის მარტი
მონაწილეობის პირობები: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანალიტიკურ ცენტრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან და საქმიანობენ საქართველოში. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა განათლების საკითხებზე, თემატური ტრენინგ პროგრამების მომზადებისა და ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.
ტენდერში გამარჯვებულს შემდეგი ამოცანები ექნება განსახორციელებელი:
– 3 ელექტრონული სახელმძღვანელოს (ეფექტური კომუნიკაცია, პროექტის მართვა, ციფრული თანამშრომლობა და პროდუქტიულობა) მომზადება ქართულ ენაზე;
– სახელმძღვანელოების რედაქტირება;
– ტრენინგ მასალების მომზადება;
– ონლაინ ტრენინგების (სულ 24 ტრენინგ დღე, თითო რეგიონში 3 ტრენინგი) ჩატარება;
– ონლაინ სემინარების ორგანიზება (12: თითო რეგიონში 3);
– ტრენინგ-სემინარის შეფასება;
– განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
სატენდერო ბიუჯეტი: პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 18, 870 ევროს (სამი მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადება – 7, 500 ევრო, ხოლო ონლაინ ტრენინგები და სემინარები – 11, 370 ევრო). პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
– შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
– შევსებული ბიუჯეტის ფორმა (იხილეთ თანდართული დოკუმენტი)
– გამოქვეყნებული ნაშრომის ნიმუში
– ტრენინგ-პროგრამის მოკლე აღწერა
– ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება განმცხადებლის გამოცდილებას, შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამის ინოვაციურობასა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას.
ტენდერის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე mariami.paposhvili@csf.ge 2021 წლის 22 თებერვლის 18:00 საათისთვის.
გთხოვთ წერილის თემაში მიუთითოთ “LINKS ტენდერი”. ტენდერის დოკუმენტაციის გამოგზავნისას, გთხოვთ, მოითხოვოთ დასტური დოკუმენტაციის მიღების თაობაზე.
საკონტაქტო პირი: მარიამ პაპოშვილი; 599726388; mariami.paposhvili@csf.ge
ტენდერი ცხადდება ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის “ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.