საგრანტო კონკურსი ცოდნისა და უნარების განვითარების რეგიონული ცენტრები

დასრულებული

 

„ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF) და “საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG) აცხადებენ საგრანტო კონკურსს რეგიონული საზოგადოებრივი  ორგანიზაციებისათვის (გურია, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, აჭარა). კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია შეამციროს აცდენა დამსაქმებლების მიერ მოთხოვნილ უნარებსა და დასაქმების ბაზარზე არსებულ მიწოდებას შორის, და ამით ხელი შეუწყოს პროექტის ახალგაზრდა ბენეფიციარებს დასაქმების ბაზარზე შესვლასა და წარმატების მიღწევაში. პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობები:

  1. ინტერსექტორალურ თანამშრომლობაზე, ჩართულობაზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არსებული საგანმანათლებლო რესურსების ოპტიმიზაცია და ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა, დასაქმების ბაზრის რეალურ მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის შესაბამისობის გასაუმჯობესებლად. პროექტი ხელს შეუწყობს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საგანმანათლებლო სერვისების სხვა მომწოდებლებს ინსტიტუციონალურ განვითარებასა და სერვისების გაუმჯობესებაში.
  2. ახალგაზრდების დასაქმების გაზრდა, უნარების განვითარების, უწყვეტი განათლების, მეწარმეობის ხელშეწყობის, სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის, კარიერული ორიენტაციის, ანაზღაურებადი სტაჟირებების, დასაქმების, და სხვა შესაძლებლობების უზრუნველყოფით.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის კოორდინირება რეგიონული ცენტრების დახმარებით იგეგმება, რომლებიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე შეიქმნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს რეგიონული ცენტრების ჩართულობას მოიცავს შემდეგს:

  • ადგილობრივი შრომის ბაზრის კვლევა: პროექტის ერთ-ერთ მიზანი ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების პერიოდული კვლევა და მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. რეგიონული ცენტრები დახმარებას გაუწევენ კვლევის პროცესს და უზრუნველყოფენ მონაცემების რეგულარულ განახლებას.
  • ადგილობრივი ონლაინ რესურსი დასაქმებისთვის: პროექტის ფარგლებში შეიქმნება ონლაინ პლატფორმა, სადაც განთავსდება შრომის ბაზრის კვლევის შედეგები, ინფორმაცია მიმდინარე ტენდენციებზე, დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ბაზები, და უწყვეტი განათლების ონლაინ რესურსები. რეგიონული ცენტრები უზრუნველყოფენ პერსონალს, რომელიც ბაზების რეგულარულ განახლებაზე იქნება პასუხისმგებელი.
  • სამუშაო ჯგუფები: პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ადგილობრივი სამუშაო ჯგუფები, სადაც გაერთიანებული იქნება სასწავლო დაწესებულებების, ადგილობრივი ბიზნესების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. რეგიონული ცენტრები ორგანიზებას გაუწევენ სამუშაო ჯგუფების რეგულარულ შეხვედრებსა და ხელს შეუწყობენ მათ ეფექტურ მუშაობას.
  • საგანმანათლებლო სერვისების პროვაიდერების გაძლიერება: პროექტის ფარგლებში იგეგმება დასაქმებისთვის საჭირო უნარებისა და შესაძლებლობების  განვითარებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოების შემუშავება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლების ტრენერთა ტრენინგი, და რეგიონის საგანმანათლებლო პროვაიდერებს შორის გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფა. რეგიონული ცენტრის ჩართულობა მოიცავს ამ პროცესებში საორგანიზაციო მხარდაჭერას, მათ შორის კომუნიკაციას ადგილობრივ აქტორებთან და ბენეფიციარებთან.
  • უნარების განვითარების ტრენინგები: რეგიონული ცენტრების ბაზაზე იგეგმება  ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების, სემინარების, და კონსულტაციას გაწევა ბენეფიციარებისათვის. რეგიონული ცენტრები უზრუნველყოფენ მონაწილეების ჩართულობას, ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარებას და ადგილობრივი საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელებას.
  • დასაქმების პროგრამა: პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული ცენტრები.
  • სოციალური მეწარმეობა: სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარების ტრენინგების კურსდამთავრებულებს პროექტი შესთავაზებს სოციალურად მნიშვნელოვანი ბიზნეს იდეების დაფინანსებას. რეგიონული ცენტრების დახმარებით მოხდება მეწარმეობის კომპონენტის საკომუნიკაციო აქტივობების განხორციელება და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი.
  • მოძრავი უნივერსიტეტი: პროექტი გეგმავს სამიზნე რეგიონის სოფლებსა და რეგიონულ ცენტრებში შეხვედრებისა და ლექციების ჩატარებას სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. რეგიონული ცენტრის ჩართულობა გულისხმობს მოძრავი უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის საკომუნიკაციო მხარდაჭერას.

კონკურსის პირობები:

პროექტი გათვლილი უნდა იყოს სამ წელზე. ცოდნისა და უნარების განვითარების რეგიონული ცენტრები ჩამოყალიბდება საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარა, გურია, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი). ცენტრების საქმიანობა უნდა მოიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს და უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც შესაბამისი ზომის და ხარისხის ფიზიკურ სივრცეს, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანურ რესურსს. გრანტები მოიცავს ადმინისტრაციულ, სახელფასო, სატრენინგო და სამუშაო სივრცის, და პროექტის აქტივობების კოორდინაციისთვის საჭირო თანხებს (9950 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ვალუტაში, ყოველწლიურად), ასევე დასაქმების პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფას (9750 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ვალუტაში, ყოველწლიურად). დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს.

ორგანიზაციების შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ სამუშაო გამოცდილებას:

  • ახალგაზრდებთან და ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობა, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან;
  • კერძო სექტორთან თანამშრომლობა;
  • სოციალური მეწარმეობის სფეროში;
  • პროფესიულ სასწავლებლებთან და ადგილობრივ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
  • ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან თანამშრომლობა და მუშაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით https://csf-staging.nm-dev.webintelligence.vip/grants/apply/);
  2. პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების ავტობიოგრაფიები;
  3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;

საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესში აპლიკანტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ კონსულტაციები  საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის და „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ წარმომადგენლებთან.

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 სექტემბერი 18:00 საათი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

საკონტაქტო პირები: ხათუნა იოსელიანი ელ.ფოსტა khatuna@csf.ge, თეონა ლებანიძე teona@una.ge