კონკურსი გრანტის მაძიებელთათვის: საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში

დასრულებული

ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა აცხადებს კონკურსს: საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში.

კონკურსის თემა და პრორიტეტები

ბოლო წლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მწვავედ დადგა მდგრადი ურბანული განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის/ხარვეზულობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე.

კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ინიციატივებს შემდეგი თემატური მიმართულებებით:

  • მდგრადი ურბანული განვითარება და გეგმარება;
  • გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა;
  • საჯარო სივრცეების განაშენიანებისგან დაცვა.

ამ თემატური პრიორიტეტების ფარგლებში, ფონდი მხარს დაუჭერს კვლევით და პოლიტიკის ცვლილებისკენ მიმართულ პროექტებს.

მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს.  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისში მომუშავე სუბიექტებს, თუმცა თანაბრად წარმატებული საკონკურსო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში პრიორიტეტი რეგიონულ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს მიენიჭებათ.

კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს არაუმეტესს 15 000 ამერიკულ დოლარს.

განიხილება მხოლოდ ელექტრონულად მიღებული განაცხადები. გთხოვთ, იხილოთ განაცხადის ფორმა და მიუთითოთ კონკურსის დასახელება შესაბამის გრაფაში.

ელექტრონული განაცხადები მიიღება 2019 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.

დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაცია გაიმართება ღია საზოგადოების ფონდის ოფისში (მის: თამარ ჭოველიძის 10, თბილისი, საქართველო) 2019 წლის 5 სექტემბერს, 14:00 საათზე.

მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია სატელეფონო და ელექტრონული კონსულტაციაც. კონსულტაციის მოთხოვნით მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: marina@csf.ge.

გისურვებთ წარმატებას!