ბილიკით ფონდამდე

10.12.2015

8 დეკემბერს ფონდ  ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ 14-16 წლის ასაკის დაახლოებით 20 მოსწავლე ესტუმრა გორის რაიონის სოფლებიდან: შავშვები, ბერშუეთი, ზეღდულეთი, სკრა, რუისი. მათ შორის იყვნენ დევნილი ბავშვებიც. ახალგაზრდები, რომელთაც ფონდის საქმიანობის გაცნობის სურვილი ჰქონდათ, ასოციაცია ‘ბილიკის’ სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილეები არიან.

სტუმრებმა დაათვალიერეს ფონდის ბიბლიოთეკა, შეხვდნენ საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენლებს, რომელთაც მათ აშშ-სა და ევროპაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები გააცნეს.

ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამების წარმომადგენლებს. მოსწავლეები გაეცნენ ფონდის საქმიანობას, მიმდინარე პროექტებს, ანგარიშებს, პროექტის წარდგენის წესებს, განაცხადების განხილვის პროცედურებს და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებს.

შეხვედრები ინტერაქციული გამოვიდა. მოსწავლეები ბევრ საკითხს უფრო ღრმად გაეცნენ, დასვეს შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ  როგორ გამოიყენონ ახალგაზრდებისთვის დღეს არსებული შესაძლებლობები და როგორ მოახდინონ საკუთარი თავის უკეთ რეალიზება.

სტუმრებს გადაეცათ მცირე საჩუქრები და ფონდის სხვადასხვა პროგრამების გამოცემები და პუბლიკაციები.

ვიზიტის ორგანიზატორის, “ბილიკის” წარმომადგენლის, ლია გორელიშვილის ინფორმაციით ახალგაზრდებისთვის ფონდის საქმიანობის გაცნობა ძალზე შთამბეჭდავი იყო, მათ ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს, გაეზარდათ აქტივიზმისა და განვითარების მოტივაცია.