არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს

30.03.2016

30 მარტი 2016

 

ბატონ ჯოზეფ დოლს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს

 

ბატონო პრეზიდენტო,

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მოგმართავთ ამ წერილით, რათა ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი, ჩვენი ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა მადლიერება გამოვხატოთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროპის პარლამენტი, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტია იჩენდნენ საქართველოს მიმართ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე. ჩვენ მივესალმეთ  2016 წლის 21 იანვარს ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებდა “მოწოდებას ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსა და წევრი ქვეყნების მიმართ რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭების პროცედურები”. ჩვენ ვაფასებთ ევროპის სახალხო პარტიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადაგიხადოთ.

ბატონო პრეზიდენტო,

ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანია. ქართველების მრავალი თაობის ოცნება იყო,  ქვეყანა დაბრუნებულიყო ევროპული ცივილიზაციის წიაღში და ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო, ოჯახისა, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, რასაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ.

ასწლეულების განმავლობაში ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ჩვენს ევროპულ ოცნებასთან, და ეს მთელი ჩვენი თაობის მონაპოვარია. ეს არის გულმოდგინე შრომის შედეგი ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომლის დროსაც ჩვენ რამდენიმე მთავრობა და პარლამენტი გამოვიცვალეთ და ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიისა თუ ხელისუფლების ექსკლუზიური დამსახურება.

ევროპასთან დაახლოების პროცესი ნამდვილად არ ყოფილა იოლი. ამ გზაზე ბევრია უკვე მიღწეული, და როგორც თქვენ ქართულ მედიასთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ამ მიღწევებში საქართველოს წინა ხელისუფლებას. მაგრამ ასევე იყო შეცდომები და ხარვეზები. სამოქალაქო საზოგადოების მიზანია, ამ შეცდომებზე რეაგირება გაზრდილი საჯაროობით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დიდი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ამას ვაკეთებდით და ვაკეთებთ. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არც ერთი მთავრობა არ წყალობდა. ჩვენ გვაკრიტიკებენ, ახორციელებენ ზეწოლას (ძირითადად ვერბალურს), თუმცა ამის გამო არასდროს შეგვიწყვეტია იმ ფასეულობების დაცვა, რომლებისაც გვწამს და გვჯერა. მათ შორის, არასდროს შეგვიწყვეტია ხელისუფლების ისეთი ქმედებების კრიტიკა, რომლების საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს.

ჩვენ არ გვჩვევია მთავრობის დაცვა,  და არც ახლა ვაპირებთ ამას. ამ წერილით გვინდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანი დავიცვათ. არჩევანი, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ ვიმსახურებთ.

ორი მნიშვნელოვან საკითხზე გვინდა თქვენი ყურადღების გამახვილება:

1) ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არ წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რიგით პრიორიტეტს – ეს ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია. ამ კურსის ალტერნატივა რუსეთთან ყოფნაა, რასაც ჩვენ, ცხადია, აქტიურად ვეწინააღმდეგებით. შესაბამისად, ყველაფერი, რაც გვაახლოებს ევროპასთან, განამტკიცებს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. იგივე ჭრილში განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციის პროცესსაც, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს.  უფრო მეტიც, ამით პირდაპირ სარგებელს საქართველოს რიგით მოქალაქეები მიიღებენ, რომელთა ამჟამინდელ და მომავალ თაობებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა აქტიურად იურთიერთონ ევროკავშირის ხალხებთან. შედეგად, არა მარტო გაიზრდება ევროპული კულტურის დადებითი ზეგავლენა საქართველოზე, არამედ შესუსტდება რუსული პროპაგანდის ძალა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველების ევროპული იდეის მხარდაჭერა შეამციროს. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უვიზოდ მიმოსვლის საშუალება, ყოველგვარი გადავადების გარეშე, რადგან ეს მხოლოდ გაზრდის პრო-რუსული ძალებისადმი მხარდაჭერას, რომელებიც ამ დრომდე წარმატებით სპეკულირ ებენ წარსული მარცხებით და წარმოაჩენენ ისეთ სურათს, თითქოს დასავლეთი არ არის მზად რაიმე კონკრეტული შესთავაზოს საქართველოს ჩვენი უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილის საპასუხოდ. ყოველივე ეს განსკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა, და ჩვენ მივიღეთ ე.წ. მწვანე შუქი უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც მათ შორის თქვენი პარტიის მხარდაჭერით განხორციელდა.

2) როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქვეყანაში ნებისმიერი არადემოკრატიული პროცესის განვითარებას. ჩვენ ვაშუქებთ ყველანაირ ხარვეზს და ვცდილობთ ვაიძულოთ მთავრობა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და მოახდინოს კონკრეტული ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში, მათ შორის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზით. ამჯერად კი, ეს საერთაშორისო მხარდაჭერა სხვა მიზნით გვსურს რომ გამოვიყენოთ. ცხადია, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ, ვხედავთ და ვეჯახებით ამ პრობლემებს ყოველდღიურად და არ ვხუჭავთ თვალს მათზე. არაერთხელ გამოგვიქვეყნებია და მიგვიტანია ეს პრობლემები საერთაშორისო საზოგადოებამდე, მათ შორის ევროპარლამენტამდე. ამ პრობლემებს შორის იყო ის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენც ახსენეთ – პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები, თავდასხმები თავისუფალ მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვჯერა, რომ მთლიანობაში ზოგადი ტენდენციები და მოვლენები ქვეყანაში პოზიტიურია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, და რომ საქართველო კვლავაც მიიწევს წინ. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქართველოს დაახლოება ევროპასთან შეამცირებს ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს და გააძნელებს დემოკრატიული პრინციპებიდან გადახვევას. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მალე და დამატებითი წინაპირობების გარეშე.

ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ ხართ ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი, რაც თქვენ და ევროპის სახალხო პარტიამ არაერთხელ დაამტკიცეთ ბოლო წლების განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, ევროპულ დედაქალაქებში, გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში ჩვენი გზავნილის გასაჟღერებლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამარტივებული პროცედურებით იმოგზაურონ ევროპაში. გვჯერა, ეს გააუმჯობესებს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროპისადმი, შეამცირებს რუსული პროპაგანდის გავრცელებას და შეზღუდავს ხელისუფლების არადემოკრატიულ  ნაბიჯებს.

იმედი გვაქვს, რომ თქვენ და ევროპის სახალხო პარტია  სამომავლოდაც დაგვიჭერთ მხარს იმ კრიტიკულ საკითხებში, რაც აუცილებელია საქართველოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის.

მზად ვართ მომავალშიც განვაგრძოთ თქვენთან თანამშრომლობა.

პატივისცემით,

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სტუდია რე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

თბილისის ლიბერალური აკადემია

ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

საზოგადოება “დემოსი” (რუსთავი)

სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)

ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ბოლნისი)

ასოციაცია “სპექტრი” (საგარეჯო)

კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)

საზოგადოება “ბილიკი” (გორი)

უკეთესი მომავლისათვის (წეროვანი)

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის  კომიტეტი(მცხეთა)

დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)

სტეფანწმინდა (სტეფანწმინდა)

ჩვენ  ჯანმრთელი მომავლისთვის (წეროვანი)

სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (ახალციხე)

ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (ქუთაისი)

ასოციაცია “ტოლერანტი” (ახალციხე)

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (ქუთაისი)

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია იმერეთის ოფისი (ქუთაისი)

იმერეთის მხარის  მეცნიერებათა კავშირი -“სპექტრი” (ქუთაისი)

ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)

ასოციაცია “გაენათი” (ზუგდიდი)

ასოციაცია იმედი ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის (ზუგდიდი)

უნარშეზღუდულ, იზულებით გადაადგილებულ პირთა და ქალთა ასოციაცია  (წალენჯიხა)

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმამრთველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური)

ნაბიჯი წინ (ბათუმი)

ასოციაცია “დეა” (ზუგდიდი)

მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” (გორი)

ასოციაცია “ტოლერანტი” (ახალციხე)

საქართველოს დემოკრატიის განვითარების კავშირი (ოზურგეთი)

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაცია

კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი