24 დეკემბერს, ღია საზოგადოების ფონდისა და აჭარა ჯგუფის დახმარებით, ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყნის“ მხარდასაჭერად გაიმართა რიგით მეხუთე საქველმოქმედო აუქციონი, რომლის ფარგლებშიც 110 ათასი აშშ დოლარი შეგროვდა. ეს მხარდაჭერა ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს მტკივნეულ დღეებს შეუმსუბუქებს.
აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებს შორის იყვნენ: კარლო კაჭარავა, გოგი ჩაგელიშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, ალექსეი დუბინსკი, ლია შველიძე, სალომე რიგვავა, ნინიკო მორბედაძე, მაკა ბატიაშვილი, მურთაზ შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, ალექსანდრე ვარვარიძე, ოტია ჩაგელიშვილი, მაკა ჯებირაშვილი, თინათინ ჩხიკვიშვილი, რუსუდან ჩიკვაიძე, პიკო ნიჟარაძე და სხვები. მხატვრებმა ჰოსპისს ნამუშევრები უსასყიდლოდ გადასცეს. გარდა ამისა, აუქციონზე გამოტანილი იყო ნახატები საოჯახო კოლექციებიდან, მათ შორის, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის კოლექციიდან.
საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ 2017 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით გაიხსნა. აქ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი ტკივილისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. სტაციონარის პარალელურად, ჰოსპისში ფუნქციონირებს დღის ცენტრი და შინ ზრუნვის მომსახურება. „ციცინათელების ქვეყანაში” ყველა სახის მომსახურება უფასოა.
ჰოსპისის შექმნაზე მუშაობა ფონდმა 2013 წელს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის საჭიროებების შესახებ კვლევის ჩატარების შემდეგ დაიწყო. კვლევის შედეგების მიხედვით, პალიატიური მზრუნველობის მომსახურება საქართველოში წელიწადში 840 ბავშვს ესაჭიროება. აქედან, 30-მდე ბავშვს ჰოსპისური მზრუნველობა, რაც გულისხმობს სტაციონარულ პალიატიურ მზრუნველობას ჰოსპისში.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2016 წელს, ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფონდისა და კომპანია ევექსის მხარდაჭერით დაიწყო. ინიციატივას ასობით მოქალაქე, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია და ხელოვანი შეუერთდა. კავკასიაში პირველი ევროპული სტანდარტის ბავშვთა ჰოსპისის არსებობა ამ ერთიანობის შედეგია.
თბილისის ბავშვთა ჰოსპისი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა და ის სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის, არქიტექტურული დაგეგმარების, სამეციდინო მიდგომის, ინტერიერის და საწოლების რაოდენობის მიხედვით.
„ციცინათელების ქვეყანა“ მხოლოდ კერძო შემოწირულობებით არსებობს. თქვენც გაქვთ შესაძლებლობა, გახდეთ საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისის არსებობისა და ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების დღეების გაფერადების მონაწილე:
საქართველოს ბანკი; მიმღები: ააიპ „ბავშვთა ჰოსპისი“; დანიშნულება: ქველმოქმედება.