სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაკავებულმა წევრებმა: საბა ბრაჭველმა, ედუარდ მარიკაშვილმა, ნიკა რომანაძემ და სხვებმა იზოლატორები ეტაპობრივად დატოვეს. 2 ივნისის ღამეს, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით, ბანერის, მათ შორის, ცარიელი ფურცლის გაშლის გამო დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მიმართ დაკავების მაქსიმალური, 48-საათიანი ვადა გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, კანონში არსებულ ამ ჩანაწერს შსს პრაქტიკაში სადამსჯელო მექანიზმად იყენებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოება დაკავებულების მხარდასაჭერად იყო მობილიზებული.
შემაშფოთებელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების უკანონოდ დაკავების პრაქტიკას, რაც გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენცია ორგანიზატორებისა და აქტივისტების შევიწროებას, მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებასა და საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად, რაც ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს.
მედია ამ თემაზე: