„მადლიერება განა მხოლოდ ადამიანს შეუძლია?! ცხოველების თვალებშიც ასეთივე მადლიერებას ვკითხულობ მაშინ, როცა ვცდილობ, სიცოცხლე შევუნარჩუნო“, გვიზიარებს ილია ჯინჭარაძე, რომელიც ბავშვობის საოცნებო პროფესიას სწავლობს და ანაზღაურებად სტაჟირებას ვეტერინარულ აფთიაქში გადის.
მამა ვეტერინარი ექიმი იყო და ილიასაც სულ უნდოდა, რომ ამ პროფესიას გაჰყოლოდა. ძალიან უყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვაც არასდროს ეზარებოდა. მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ილია კი ასაკოვან დედასთან ერთად დარჩა მარტო, ოზურგეთის სოფელ ბოხვაურში. რეგიონში ვეტერინარის კვალიფიკაციას ვერ მიიღებდა, ფინანსური თუ სხვა ოჯახური გარემოებების გამო კი სასწავლებლად ვერც დედაქალაქში გადავიდა.
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, LINKS პროექტის ფარგლებში, ადგილობრივებს დასაქმებისა და ახალი პროფესიის ათვისების შესაძლებლობას სთავაზობდა. LINKS პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, “ღია საზოგადოების ფონდისა“ და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ხორციელდება. ილია ჯერ საგანმანათლებლო კურსებს დაესწრო, მერე კი აღმოჩნდა ვეტერინარულ აფთიაქში, სადაც ახლა უშუალოდ ვეტერინარებზე დაკვირვებით, ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს ცხოველების ინფექციების მართვას, დაავადებებთან თანამედროვე მიდგომებს, საჭირო პრეპარატებსა და მათი გამოყენების მეთოდებს, სარეაბილიტაციო მანიპულაციებსა და ბევრ სხვას, რაც გამოცდილ ვეტერინარს სჭირდება. აქამდე თუ მამისგან დამახსოვრებული გამოცდილებით ცდილობდა, რომ თანასოფლელებს ცხოველებზე ზრუნვაში დახმარებოდა, ახლა უფრო სიღრმისეული კონსულტაციით მეტ ადამიანს აკვალიანებს. ამასთან, „ღია საზოგადოების ფონდის“ კეთილი ნებით, ილიას აქვს ახალი ლეპტოპიც, რომელიც მისი პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის საქმე, რომელიც ჩემია და მიყვარს. თან ვსწავლობ და თან ანაზღაურებას ვიღებ იმის კეთებისთვის, რაც მე თვითონვე მაძლიერებს. სამომავლოდაც ვგეგმავ, რომ აუცილებლად ვისწავლო, ვეტერინარი ექიმის კვალიფიკაცია მივიღო და ცხოველებზე ვიზრუნო. ყველაფერს უნდა შრომა, რისთვისაც მზად ვარ“.