განცხადება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

02.02.2023

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სააკაშვილის მდგომარეობის უკიდურეს გაუარესება დაფიქსირებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის მიერ. სახალხო დამცველის თანახმად, არსებობს სასჯელის გადავადების საფუძველი და მისი მკურნალობა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაშია შესაძლებელი. ეს დაადასტურეს სასამართლოში გამოკითხულმა მოწმეებმაც, კერძოდ:

 

  • ამერიკელი ტოქსიკოლოგის, დევიდ სმიტის განცხადებით, სააკაშვილს არასწორად მკურნალობენ და იგი საჭიროებს ქელატაციური თერაპიით დეტოქსიკაციას;
  • ჯეიმს კობიმ ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ მკურნალობის დაგვიანდება, იგი მოძრაობის უნარს დაკარგავს;
  • თავად კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ, განაცხადა, რომ ბოლო თვეებში სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულია.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება ნათელია სამედიცინო დასკვნებიდან და ექსპერტთა ჩვენებებიდან. მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო ლეტალური შედეგის დადგომა, ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ სასამართლოს , გაითვალისწინოს დარგის სპეციალისტთა დასკვნები და უმოკლეს ვადაში, მიიღოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი გადაწყვეტილება.

ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური კოლაფსი.

 

ხელმომწერები:

  1. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  3. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი
  5. მედიის განვითარების ფონდი
  6. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  8. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  10. პრევენცია პროგრესისთვის
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. უფლებები საქართველო
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  15. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  17. საფარი
  18. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  19. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  20. მწვანე ალტერნატივა