საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსებისათვის

დასრულებული

ტენდერი ცხადდება პროექტის  „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.

პროექტის მიზანია დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების  უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით. ინვესტირება ზოგად უნარებში პროფესიულ უნარებთან ერთად, უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას.  ამ უნარებიდან ერთერთი მნიშვნელოვანი კომპიუტერული უნარებია, რაც 30 წლამდე ახალგაზრდებს დასაქმებაში უწყობს ხელს.

ტენდერის მიზანია:  ხელი შეუწყოს ოთხ სამიზნე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის ქალების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობას კომპიუტერულ უნარებსა და ციფრული ტექნოლოგიების ცოდნაზე, რაც მათ დაეხმარებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ტენდერის ამოცანებია:

  • ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდებისათვის დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა
  • ახალგაზრდების დასაქმებისათვის საჭირო უნარების გაძლიერება.

კურსების სავარაუდო თემატიკა:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ძირითადი ცნებები და პრინციპები
  • საოფისე ტექნოლოგიები (საოფისე პროგრამები Word, Excel, PowerPoint, ბრაუზერთან ურთიერთობა, ონლაინ კომუნიკაცია)
  • სანდო ინფორმაციის მოპოვება ონლაინ
  • საჯარო სერვისების დისტანციურად გამოყენება, ონლაინ-ბანკინგი, ონლაინ პლატფორმები, მობილური აპლიკაციები
  • პროგრამირების საფუძვლები (ვებ პროგრამირება, ვებ დიზაინი, დომენის რეგისტრაცია)
  • კომპიუტერული გრაფიკა
  • სისტემის და ქსელის ადმინისტრირება
  • კომპიუტერული უსაფრთხოება (ონლაინ და მობილური აპლიკაციების უსაფრთხოდ გამოყენება).

ტენდერით გათვალისწინებულია ინტერაქტიული სასწავლო კურსების ჩატარება საქართველოს ოთხი რეგიონის: აჭარის, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ახალგაზრდებისათვის. რეგიონული LINKS ცენტრები პროვაიდერს დახმარებას გაუწევენ მონაწილეების შერჩევაში, სივრცით უზრუნველყოფენ, განახორციელებენ საქმიანობის კოორდინაციას, შეაგროვებენ მონაცემებს და მონიტორინგს გაუწევენ სასწავლო პროცესს. 

განხორციელების პერიოდი: 2021 წლის ივლისი – 2023 წლის მაისი

პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე შესაძლოა სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში ჩატარება.

მონაწილეობის პირობები: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებს,  საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან და საქმიანობენ საქართველოში. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.  განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ზემოთ აღნიშნული ოთხივე რეგიონისთვის, ისე ერთი ან რამდენიმე რეგიონისთვის.

ტენდერში გამარჯვებულს შემდეგი ამოცანები ექნება:

  • მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო პროგრამის შემუშავება, რომელიც მორგებული იქნება მონაწილეთა საჭიროებებზე;
  • სწრაფ და გაზომვად შედეგებზე ორიენტირება;
  • სასწავლო მასალების მომზადება;
  • სასწავლო კურსების განხორციელება 2021 წლის ივლისი – 2023 წლის მაისის პერიოდში (სულ 20 კურსი, თითო რეგიონში 5 კურსი, თითოეულ კურსზე მაქსიმუმ 25 მონაწილე);
  • შედეგების შეფასება;
  • განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

სატენდერო ბიუჯეტი: პროექტის ბიუჯეტი (ოთხივე რეგიონისათვის) არ უნდა აღემატებოდეს 9,000 ევროს. შესაბამისად თითო რეგიონის ბიუჯეტი შეადგენს 2,250 ევროს. თუ განმცხადებელი განაცხადს ერთ ან რამდენიმე რეგიონზე წარმოადგენს, ბიუჯეტიც პროპორციულად უნდა იქნას გაანგარიშებული. პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სატენდერო განაცხადი (შევსებული სააპლიკაციო ფორმა https://csf-staging.nm-dev.webintelligence.vip/grants/apply/)
  2. სასწავლო მასალების ნიმუშები
  3. სასწავლო კურსის მოკლე აღწერა
  4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

შეფასების კრიტერიუმებს შორის იქნება განმცხადებლის წარსული გამოცდილება, სასწავლო პროგრამის ინოვაციურობა, კურსის შესწავლის სწრაფი და ეფექტური მეთოდოლოგია, ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობები და ბიუჯეტის ხარჯეფექტურობა. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ ორგანიზაციებს.

ტენდერის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი ატვირთული უნდა იყოს ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე www.csf.ge  2021 წლის 3 მაისის, 18:00 საათისთვის.

განაცხადის ფორმაში, გთხოვთ მონიშნეთ „კონკურსის ფარგლებში“, კონკურსის სახელწოდების გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ „ტენდერი კომპიუტერული უნარ-ჩვევების საბაზისო კურსებისათვის.”.

პროგრამა/მიმართულება: ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა

საკონტაქტო პირი:  მარიამ პაპოშვილი mariami.paposhvili@csf.ge;  599726388 .

ტენდერი ცხადდება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.