რატომ არ უყვართ ჯორჯ სოროსი?-ასიამოვნეთ, ესროლეთ კვერცხები!- NET GAZETI

27.05.2010

ნეტ გაზეთი ჯორჯ სოროსის შესახებ გიორგი გვახარიას მიერ, 2008 წელს გაზეთ ”ბათუმელებში” დაბეჭდილ სტატიას აქვეყნებს.

ასიამოვნეთ, ესროლეთ კვერცხები!

გიორგი გვახარია, პირველად გამოქვეყნდა გაზეთ “ბათუმელებში” 2008 წელს

 

იქნებ არ დაეზაროს ვინმეს და გამოითვალოს, ვის ახსენებენ ყველაზე ხშირად  არჩევნების წინ საქართველოში.

“რას” ახსენებენ, ისედაც ყველამ ვიცით – ეკლესიას, რომელიც დაანგრია ან ააშენა ხელისუფლებამ (გააჩნია, ვინ ლაპარაკობს), მართლმადიდებლობას, ეროვნულ მენტალიტეტს. მაგრამ “ვინ” – ჯერ დაუდგენელია… პირველ ადგილზე, ალბათ, მაინც მიხეილ სააკაშვილი გავა – ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, არ იქნება მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაც აყვავდება. აი, “მეორე” კი არ უნდა იყოს ქართველი.

არა, ეს “მეორე”  არც ბუშია და არც პუტინი. არც ბაღაფში და, მითუმეტეს, არც კოკოითი. სხვათა შორის, არც სანდრა რულოვსი, (არადა “ეძიე ქალის” იდეა კვლავაც პოპულარულია საქართველოში). ამ “მეორეს” საქართველოსთან ერთადერთი რამ აკავშირებს – ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, რომელიც 1994 წელს გაიხსნა და მას მერე ათასობით ქართველ მეცნიერს უპატრონა, ათასობით ეკლესია გადაარჩინა დანგრევისგან, ათასობით კარგი წიგნი გამოსცა, ათასობით ახალგაზრდას ასწავლა კომპიუტერი და ინგლისური…

მაგრამ ამ ფონდის დამაარსებელს მაინც არავინ უხდის მადლობას. თვით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც კი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” გამარჯვებას სწორედ ამ “მეორე კაცს” უნდა უმადლოდეს, აშკარად ერიდება მასთან რაიმე იდენტიფიკაციას.

სამი წლის წინ ჯორჯ სოროსს ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისის აეროპორტში არ დახვდნენ. სააკაშვილთან შეხვედრა შედგა, მაგრამ იმდენად გასაიდუმლოებულად, რომ ყვითელმა პრესამაც კი ვერ მოასწრო ამ ფაქტის გაშუქება. თუმცა სოროსის ვიზიტის შესახებ უმალვე შეიტყვეს (საიდანღაც) მანანა არჩვაძე-გამსახურდიას “ჯგუფის” აქტივისტებმა და სასტუმრო “მერიოტიდან”  გამოსულ მილიარდერს კვერცხები დაუშინეს.

ლაყე კვერცხის გემო სოროსს სხვა დროსაც უგრძვნია, მაგრამ უკმაყოფილება და პროტესტი არასდროს გამოუხატავს. “ესაა დემოკრატიაო” – თქვა ერთხელ კიევში, მას შემდეგ, რაც მთლად პრესკონფერენციაზე დაუშინეს კვერცხები. თქვა და გაიღიმა!

არა აქვს ამ კაცს ალერგია კვერცხებზე. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სიამოვნებს კიდეც, როცა ესვრიან, მაგრამ არაფერი მოსდის.

ბირჟაზე თამაში ხომ – ის, რამაც ჯორჯ სოროსი მილიარდერი გახადა, რისკის სიყვარულს  მოითხოვს. აზარტისა და რისკის ვნება კი ბავშვობიდან გამოჰყვა. თავის ავტობიოგრაფიაში წერს, ყველაზე ძალიან 1944 წლის იმ დღის გახსენება მსიამოვნებს, როცა  მამამ ყალბი დოკუმენტების წყალობით სიკვდილისგან იხსნა ჩვენი ოჯახი… მას შემდეგ გადარჩენის რიტუალი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებსო.

აზარტისა და რისკის ვნება გენეტიკურად გამოყვა. ჯორჯ სოროსის, იმავე დიორდ შოროშის, მამა ადვოკატი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ციმბირში გადაასახლეს, მაგრამ მაინც იხსნა თავი. მერე უნგრეთში ნაცისტები მოვიდნენ და ებრაელ სოროსებს ამათგან დაემუქრათ საფრთხე (500 000 უნგრელი ებრაელი გახდა ნაცისტების მსხვერპლი). ომი დამთავრდა. მაგრამ ისტორია ისევ არ ასვენებდა სოროსებს. უნგრეთში ახლა კომუნისტებმა გაიმარჯვეს. 1947 წელს –  ისევ ყალბი დოკუმენტების დახმარებით –  სოროსის ოჯახი ინგლისში გაიქცა. აქ, იმხანად 17 წლის ჯორჯ სოროსმა, ავსტრიელი ფილოსოფოსის, კარლ პოპერის ლექციები მოისმინა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება მიუძღვნას “ღია საზოგადოების”  მშენებლობის პოპერისეულ იდეას.

პრინციპში, “ღია საზოგადოების”  თეორია ჯერ კიდევ პოპერამდე, 1932 წელს დამკვიდრდა ფრანგი ფილოსოფოსის, ანრი ბერგსონის შრომებში. ამ თეორიის თანახმად,   “აბსოლუტური ცოდნით”  ვერც ერთი ადამიანი ვერ დაიკვეხნის, ამიტომ მისი მსჯელობა, მისი იდეები არ შეიძლება ჭეშმარიტების “უკანასკნელ ინსტანციად” მივიჩნიოთ. პროგრესის მისაღწევად არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ღია საზოგადოება, როცა ადამიანები “ცვლიან იდეებს”, უსმენენ ერთმანეთს და თავის თავში ანვითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს.

“იდეების გაცვლა”, ფაქტობრივად, “ენის გაცვლასაც”  ნიშნავს – ე.ი. დიალოგს სხვადასხვა კულტურის, გამოცდილების ადამიანებს შორის. ამ თვალსაზრისით, სოროსი არა მარტო პოპერის, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მამის პირდაპირი მემკვიდრეა; მეოცე საუკუნის დასაწყისში მამამისი შეეცადა გამოეცა ჟურნალი ესპერანტოს ენაზე – ჟურნალი, რომელსაც ყველა წაიკითხავდა. ესპერანტომ არ გაამართლა. მაგრამ კაცობრიობის გაერთიანების საშუალება მაინც “გამოინახა” – ეკონომიკა, უფრო შინაურულად რომ ვთქვათ – ფული.

14 წლის იყო ჯორჯ სოროსი, როცა მამამისმა ფულის გადასახურდავებლად გააგზავნა “შავ ბაზარზე”… ფულის გაცვლა და ამ გაცვლით მოპოვებული “კაპიკები” მისი ცხოვრების ვნებაც გახდა და ტოტალიტარიზმისგან გადარჩენის საშუალებაც. ფული ხომ არა მარტო სტიმულია, არამედ  არაჩვეულებრივი საშუალებაცაა ცოცხალი კერპებისგან, ფეოდალური ინსტიქტებისგან გასათავისუფლებლად. მაგრამ იმისათვის, რომ ფული ცოცხალი კერპის უბრალო ჩანაცვლებად არ იქცეს, აუცილებლია შეიქმნას ღია საზოგადოება – კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით. “ღია საზოგადოების”  მთავარი იდეა ისაა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება არ არის იდენტური მოვლენები. ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას და არა მართავდეს მას. “ადამიანებს აქვთ მოთხოვნილებები, რომელთა რეალიზაცია დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და ამაში უნდა დაეხმაროს მათ ხელისუფლება. მაგრამ ხელისუფლებას ძალიან ბევრ ქვეყანაში ურჩევნია მართოს, ვიდრე ემსახუროს”, –  წერს ჯორჯ სოროსი.

ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეუძლია რეალიზაცია იმის გამო, რომ “სასტარტო პირობები”  არ უწყობს ხელს – ჯორჯ სოროსის ცხოვრების განმსაზღვრელი გახდა.  “ღია საზოგადოების ფონდში”, რომელიც მან 1979 წელს დაარსა შეერთებულ შტატებში, პრიორიტეტი ხომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან -მაგალითად, უნარშეზღუდულები, რომელთა დასახმარებლად სოროსი ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს. ანდა, ბოშები – ის ხალხი, რომელსაც განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ ნაცისტები.

უფრო მეტიც, კომუნისტური სისტემის დანგრევის შემდეგ ჯორჯ სოროსმა საგანგებო განცხადებით მიმართა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს, შეემუშავებინათ ამ რეგიონში “მარშალის გეგმის”  მსგავსი პროექტი, რათა კომუნიზმისგან განთავისუფლება არ გადაზრდილიყო ეთნიკურ დაპირისპირებაში, ნგრევასა და მსხვერპლში, რათა შიმშილსა და გაჭირვებას ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით საბჭოთა რესპუბლიკებსა და ბალკანეთში, წარსულის ნოსტალგია არ მოჰყოლოდა. მაგრამ კომუნიზმის ნგრევით აღგზნებულმა დასავლელმა ლიდერებმა იგი მასხრად აიგდეს.

ჯორჯ სოროსს არც 2003 წელს დაუჯერეს, როცა მან დოლარის კურსის დაცემა და სამყაროში ამერიკის ჰეგემონიის დასასრული იწინასწარმეტყველა. ერთი წლის შემდეგ გამოცემული მისი წიგნი “ამერიკული უპირატესობის საპნის ბუშტი”, მხოლოდ და მხოლოდ სახელგანთქმული ფინანსისტის “მარცხნივ” შებრუნებად აღიქვეს.

არადა, სწორედ წინასწარმეტყველების ნიჭმა და ინტუიციამ გახადა იგი სახელგანთქმული.

1956 წელს სოროსი ინგლისიდან ამერიკაში გაემგზავრა და ფასიანი ქაღალდების ბიზნესში ჩაერთო. მოგვიანებით, 100 000 დოლარად საინვესტიციო ფონდი დაარსა.

1992 წელს მან უკვე ბრიტანული გირვანქა სტერლინგის “დაგდება”  შეძლო (`კაცი, რომელმაც ინგლისური ბანკი გატეხა” – ასე უწოდეს მაშინ) მერე იაპონიას “მიაკითხა”- სწორედ მაშინ, როცა იენის კურსი ზევით ავარდა და გადაწყდა მისი ხელოვნური შეჩერება,  დიდი რაოდენობის აქციები იყიდა და ახლა იენას “უტირა დედა”.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ “ფინანსური თამაშების”  პროცესში იგი მკაცრად იცავდა კანონს. მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს მოუხდა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე თავის მართლება, როცა აღმოჩნდა, რომ არა მარტო თავის ინტუიციას, არამედ სახელმწიფო მოხელეების ინფორმაციასაც ეყრდნობოდა ხოლმე… წინასწარ იგებდა, რას აპირებს ხელისუფლება, მოჰყვება თუ არა კონკრეტულ რეფორმას ფინანსური კრიზისი და მაშინვე ყიდულობდა ფასიან ქაღალდებს.

პოპერის “რეფლექსიის”  თეორიის თანახმად, ყველა პროცესში, რომელშიც მონაწილეობას იღებს ადამიანი, თავად დამკვირვებელი იქცევა იმ ობიექტური რეალობის ნაწილად, რომელსაც აკვირდება. ამიტომ დაკვირვების აქტს შეუძლია გავლენაც კი მოახდინოს სინამდვილეზე, რომელსაც აკვირდება ადამიანი. ასე შეიქმნა “ბაზრის რეფლექსიის თეორია”, რომლის თანახმად, საბირჟო თამაშის დროს ტრეიდერები აკვირდებიან, ყიდულობენ და ყიდიან ფასიან ქაღალდებს დაკვირვების პროცესის, მოლოდინის მიხედვით.

მოლოდინი ფსიქოლოგიური კატეგორიაა და ინტუიციას აქ დიდი მნიშვნელობა აქვს. სოროსის შვილი, რობერტი წერდა: “ყიდულობს, როცა ზურგის ტკივილი ეწყება, ყიდის, როცა ტკივილი გასდის”.

დაკვირვება, ინტუიცია, ცოტა “გამოანგარიშება” და მოლოდინი. აბა, რა არის ეს ყველაფერი, თუ არა შემოქმედება?

შემოქმედებას მორალი არ უყვარს. უფრო სწორად, შემომქმედს მიზანი შეიძლება ჰქონდეს “მორალური”, მაგრამ თუკი იგი მართლა შემომქმედია, ანუ თუკი ამპარტავნობს და “ღმერთის საქმეებში ერევა”, უნდა აღიაროს კიდეც, რომ მორალური თვალსაზრისით, მაინც და მაინც, “წმინდა” არაა მისი სტრატეგია და ტაქტიკა.

კაცობრიობას კი ყოველთვის ეშინოდა ასეთი ამპარტავნების. შუა საუკუნეებში მათ კოცონზე წვავდნენ – ჯადოქრობისთვის. დღეს დასჯის მეთოდები დაიხვეწა; იქმნება საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ნელ-ნელა იწყებს “ამპარტავანი-წინასწარმეტყველის”  მითოლოგიზაციას. საზოგადოებისთვის, რომელიც შუა საუკუნეების რიტორიკით ცხოვრობს, ბუნებრივიცაა ეს პროცესი –  ახალი მითის შექმნა “აფერისტზე”, “სპეკულანტზე”, “კოსმოპოლიტზე”, “ეროვნული მენტალიტეტისა და რელიგიის მტერზე”, რომელიც მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის ინსტიქტით ცხოვრობს. თუკი იმასაც გავიხსენებთ, რომ ქართული, “მიწათმომქმედი” კულტურა ყოველთვის ახდენდა ვაჭრის, გამყიდველის პროფესიის დემონიზაციას, სრულად გასაგები უნდა გახდეს ჯორჯ სოროსის მიუღებლობა და მისი გადაქცევა “ქვეყნის დამანგრეველ სატანად”.

რუსეთში ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდა, რადგანაც “პროდავეცის” პროფესია აქ სოროსის “ებრაელობით” გაირითმა. 2004 წელს ჯორჯ სოროსი იძულებული გახდა დაეხურა თავისი ფონდი რუსეთში (სადაც მისი სიტყვებით “ქურდული კაპიტალიზმი” ბობოქრობს) და გამოეცხადებინა, რომ პუტინი, ისევე როგორც ჯორჯ ბუში, მისი პირადი მტერია. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ხელისუფლების გამიჯვნა “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი ავტორისგან.

თავად სოროსი კატეგორიულად უარყოფს ე.წ. “ფერადი რევოლუციების” დაფინანსებას საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთსა და სერბეთში. იგი წერს, რომ მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლურ ორგანიზაციებს აფინანსებდა ამ ქვეყნებში  და მისი ბრალი არაა, რომ მათ პირდაპირ დაუჭირეს მხარი რევოლუციებს. მიუხედავად ამისა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ კარგად იმუშავა და მორიგი რევოლუციის შიშით, ჯერ უზბეკეთის, შემდეგ ბელარუსის ხელისუფლებამ იძულებული გახადა იგი დაეხურა თავისი ფონდები ამ ქვეყნებში.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ჯგუფის ყოველდღიური მიტინგები სოროსის ფონდის ოფისის წინ, თბილისში, სოროსის კარიკატურებით აჭრელებული ქართული პრესა და ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დამკვიდრებული ტერმინის, “სოროსის ბარტყების” ტირაჟირება.

სოროსის დემონიზაცია გრძელდებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ერიდებოდა თავისი პოზიციის გამოხატვას. სოროსთან იდენტიფიკაცია ხომ უკვე ძალიან საშიში იქნებოდა – ერთის მხრივ, ჯორჯ ბუშის ხელისუფლებას გადაიკიდებდა და მეორეს მხრივ, ლამის მთელ ქართულ საზოგადოებას!

ჯორჯ სოროსი – ფუნდამენტალური იდეოლოგების მთავარი მტერი – ამერიკელი ნეოკონსერვატორებით დაწყებული, დამთავრებული რუსი კომუნისტებით – ყველაზე ხელსაყრელი ადამიანია იმისათვის, რომ ყველაფერი ტრადიციულის წინააღმდეგ, ეროვნულის წინააღმდეგ მებრძოლად აქციო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სოროსი თავადაც ცდილობს დაიბრუნოს ხიფათის მოლოდინის განცდა, რომელიც წარსულში წარმოუდგენელ ტრავმად იქცა 77 წლის მილიარდერისთვის. 7 მილიარდზე მეტია მისი ქონება, მაგრამ არ აინტერესებს მანქანების კოლექციები, ვილები, სასახლეები, ბრილიანტები… მისი ფული ისევ აზარტისა და არაპოპულარული ქმედებებისთვის იხარჯება.

მარტოობის არ ეშინია და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას (თუ გნებავთ მას “ღვთაებრივი ხმა” ვუწოდოთ) ენდობა. ამიტომაც ერთდროულად სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას – საბაზრო ფუნდამენტალიზმის, ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკისა და ვულგარული სოციალური დარვინიზმის წინააღმდეგ. სამივე თეორია, მისი აზრით, მოკლებულია თანამშრომლობის პრინციპებსა და ალტრუიზმს. ხოლო ყველაფერი, რაც თავის თავში ჩაკეტილია, ანუ, ფაქტობრივად, ყველანაირი იდეოლოგია – “ღია საზოგადოების”  იდეას ეწინააღმდეგება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ინტუიციასთან ეს მუდმივი თამაში კითხვებს უფრო ბადებს, ვიდრე პასუხებს. “ადამიანები, რომლებიც ტირანიის ქვეშ ცხოვრობენ, ითხოვენ დახმარებას. მაგრამ რამდენად ეთიკურია “გარედან” დემოკრატიის დამყარება? – კითხულობს სოროსი.

`სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საშიშია, მაგრამ ჩაურევლობამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად დააზარალოს ქვეყანა. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში დასავლეთი?” –  ისევ კითხულობს და ისევ არა აქვს კონკრეტული პასუხი.

კითხულობს, რადგან სწორედ კითხვა, აზრის გაცვლა-გამოცვლა, თუ გნებავთ, “აზრით ვაჭრობაა” ჯორჯ სოროსის ცხოვრების წესი.

მაგრამ ასეთი კითხვები ადამიანებს – მზა პასუხებით რომ ცხოვრობენ – წარმოუდგენელ დისკომფორტს უქმნის. ადამიანთა უმრავლესობას ვერ წარმოუდგენია – როგორ შეიძლება კაცი, რომლისთვისაც კითხვის დასმა ცხოვრების ვნება გამხდარა, ერთ მშვენიერ დღეს მილიარდერი გახდეს.

“რაღაც აფერისტობას აქვს აქ ადგილი”, “რაღაცას გვატყუებს ეს კაცი”, “ეტყობა, ფოთის პორტის ხელში ჩაგდება უნდა”, – ამბობს ეჭვიანი ქართველი და ხმას იმას აძლევს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იტყვის – “სოროსის ბარტყებო!”