სოციალურ მეცნიერებათა ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს, თუ როგორ აისახა 2005 წელს ბოლონიის პროცესში გაწევრიანება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაზე.
კვლევა მიმოიხილავს 2005-2015 წლებში საქართველოში ბოლონიის პროცესის მიმდინარეობას და პროცესის ფარგლებში განხორციელებული უმაღლესი განათლების რეფორმების ეფექტურობას. კერძოდ, თუ რა შედეგებს მიაღწია საქართველომ ბოლონიის პროცესში გაწევრიანებიდან 12 წლის თავზე; რამდენად შეუწყო ხელი ბოლონიის პროცესის რეფორმების დანერგვამ სწავლების ხარისხისა და კვლევის განვითარებას საქართველოში; შეძლო თუ არა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ ფეხი აეწყო ევროპაში მიმდინარე პროცესებისთვის და დაენერგა ის რეფორმები, რომლებსაც ბოლონიის მონაწილე ქვეყნები ნერგავდნენ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად.
თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა თბილისის ექვს უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდა: სამ სახელმწიფო (თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) და სამ კერძო უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
კვლევა სამი ნაწილისგან შედგება: ბოლონიის დეკლარაცია და უმაღლესი განათლების განზომილებები, სტუდენტების და კურსდამთავრებულების მიერ შიდასაუნივერსიტეტო გარემოს და განათლების ხარისხის შეფასება, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია.
კვლევის შედეგად გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციებიდან აღსანიშნავია, რომ ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად საქართველოში მოწესრიგდა საკანონმდებლო ჩარჩო და დაინერგა ხარისხის ერთიანი სისტემა (უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სისტემა), შემუშავდა კვალიფიკაციათა ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, დაინერგა საკრედიტო სისტემა, ა.შ. თუმცა, მიუხედავად ნორმატიულ დონეზე მიღწეული წარმატებებისა იკვეთება კონკრეტული პრობლემები საუნივერსიტეტო სწავლების დონეზე, რომლებიც უშუალო კავშირშია სწავლებისა და სწავლის, კვლევის ხარისხის გაუმჯობესებასთან.
კვლევის დასკვნების საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებს და სხვა შესაბამის უწყებებს წარედგინება.
ნახეთ ანგარიში სრულად.
მედია ამ თემაზე.