გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება საქართველოში

11.03.2013

9 მარტს, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია – „გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულება საქართველოში”, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენციის სტუმრები იყვნენ ღია საზოგადოების ფონდების საპატიო პრეზიდენტი,  Human Rights Watch-ისა და არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის დამფუძნებელი – არიე ნაიერი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ყოფილი კომისარი და ამჟამად ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი იურიდიული და კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებების სფეროში –  თომას ჰამერბერგი.

კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა გარდამავალ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება.

განსაკუთრებით საინტერესო იყო გარდამავალი მართლმსაჯულების მიდგომების განხილვა – თუ რამდენად შესაფერისია საქართველოსთვის ამ მიდგომის გამოყენება და რა ფორმით. გარდამავალი მართლმსაჯულება დამახასიათებელია ქვეყნებისთვის, რომლებმაც განიცადეს ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები და ეს მიდგომა გულისხმობს ახალი ხელისუფლების მიერ  მემკვიდრეობით მიღებული მძიმე შედეგების გამოსწორებას. 

როგორც არიე ნაიერმა აღნიშნა:”გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების უმთავრესი მიზანია, რომ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მსხვერპლთა კატეგორიას წარმოადგენდნენ, ჰქონდეთ განცდა, რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის და რომ მთელ საზოგადოებას ანაღვლებს ის, რაც მათ დაემართათ… ეს არის სამართლიანობის აღდგენის გზა, თუკი იყო მისდამი არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები წარსულში”.

გარდამავალი მართლმსაჯულების პროცესი შეიძლება მოიცავდეს  სისხლისსამართლებრივ სანქციებს, სიმართლის კომისიებს, კომპენსაციას და ინსტიტუციონალურ რეფორმებს. კონფერენციის მსვლელობისას განხილულ იქნა სხვადასხვა მოდელები, რომლებიც გარდამავალი სამართლის სისტემის ქვეყნებმა გაიარეს როდესაც დადგა მართლმსაჯულების დროებითი მექანიზმის შექმნის აუცილებლობა.

თომას ჰამარბერგმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში გარდამავალი მართლმსაჯულების მთელ რიგ საკითხებში საჭირო იქნება ორიგინალური გამოსავლის მოძებნა:

“იოლი არ არის ასეთი კანონპროექტის შემუშავება, რადგანაც: ერთი მხრივ, ხალხს ესაჭიროება ჩივილის უფლება და, მეორე მხრივ, მათ, ვისაც უჩივიან, ასევე უნდა ჰქონდეთ თავდაცვის საშუალება შესაბამისი პროცედურებით. საჭიროდ ვთვლი დისკუსიის გაგრძელებას იმის შესახებ, თუ ზუსტად როგორ უნდა გავაკეთოთ ეს თანმიმდევრულად, რათა გვქონდეს შესაფერისი პროცედურები. და ასევე, შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება”.

 

თემა მედიაში:

მართლმსაჯულების გამოწვევები გარდამავალ პერიოდში– რადიო ‘თავისუფლება’, ავტორი: ჯიმშე რეხვიაშვილი, 11 მარტი. 2013