ქართული ენის შესწავლა ონლაინ ეთნიკური უმცირესობებისთვის

06.03.2013

ქართული ენის შესწავლის ონლაინ პროგრამა www.ICE.ge/elearning_geo საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის არის განკუთვნილი. ახალი ვებგვერდი თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ცენტრის ბაზაზე ფონდის დახმარებით შეიქმნა და ინტერნეტ სივრცეში 6 მარტს გავიდა.

„ქართული ენის ელექტრონული სწავლების კურსი” არის პირველი უფასო ონლაინ პროდუქტი. კურსი აგებულია ენის ფლობის დონეთა ევროპული სტანდარტის მიხედვით. ენის შესწავლის უახლესი ონლაინ მეთოდოლოგიის საშუალებით,მოქალაქეები შეისწავლიან ლექსიკას, გრამატიკას, ფრაზეოლოგიას; გამართავენ მეტყველებას,დახვეწავენ წერის კულტურას.

ელექტრონული კურსის მოხმარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვისაც ხელი მიუწვდება კომპიუტერსა და ინტერნეტზე. ასაკიც შეუზღუდავია. ყველა ინსტრუქცია და გრამატიკის ბლოკი წარმოდგენილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

‘ეს სიახლე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით. სახელმწიფო ენის კარგად ცოდნა გაზრდის მათ მონაწილეობას სამოქალაქო პროცესებში.’-ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ აღმასრულებელი დირექტორი.

 

ვებგვერდის პრეზენტაციას საელჩოების, საჯარო სტრუქტურების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.