ხერხემლის დაზიანების მქონე პაციენტების მოვლა

29.03.2013

ორგანიზაცია ‘მერცესმა’ 11 მარტს ექთნებისთვის სასწავლო სემინარების ციკლი დაიწყო, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების მოვლას ეხება. თბილისის ოთხი წამყვანი კლინიკიდან სემინარში მონაწილეობს სამედიცინო მომსახურების 40 თანამშრომელი. კურსი უტარდება 4 ჯგუფს, ერთი ჯგუფის შემადგენლობაში შედის 10 ექთანი.

ლექციებს ჩაატარებენ ყოფილი პაციენტები და პროფესიონალი ექიმები, რომლებიც  მონაწილეებს გააცნობენ საერთაშორისო სტანდარტებს და თანამედროვე მიდგომებს ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების მდგომარეობის მართვაზე, მიაწვდიან თეორიულ მასალას და გაუზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სასწავლო პროცესი 1 თვეს გაგრძელდება.

ორგანიზაცია ‘მერცესი’ საკვირაო კლუბის ჩამოყალიბებასაც გეგმავს,  სადაც შეიკრიბებიან ხერხემლის დაზიანების მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები,  დაგეგმავენ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებს, ერთმანეთს გაუზიარებენ პირად გამოცდილებას და მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ თერაპიებში.