ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ფონდ ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ‘საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა’. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია გამოითხოვს საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა დაწესებულებებიდან. მოცემული ბლოგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსურ მდგომარეობას ეხება.
წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
2012 წლის 30 ოქტომბერს IDFI -იმ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა” ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავის შესახებ. ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებული ანგარიშები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ პირველი არხის ფინანსური პრობლემები, რაც ბოლო პერიოდში აქტიური საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა.
როგორც არსებული ფინანსური მონაცემებით ირკვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლები წლების მიხედვით გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
ამავე დროს, საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ივლისის N459 განკარგულებითსაქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ-საზოგადოებრივ მაუწყებელს, საქართველოს მხარესა და ევროპის სატელეკომუნიკაციო კომპანია „Eutelast SA”-ს შორის საარბიტრაჟო დავის მორიგებით დამთავრების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, გამოეყო 4 226 392 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა (სესხის გამცემი) მინისტრის ნიკა გილაურის სახით და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (სესხის მიმღები) გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის სახით 2008 წლის 9 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბერი და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდგინდა სესხის დაფარვის გრაფიკი, რომელიც გამოიყურებოდა შემდეგნაირად:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასესხო გრაფიკის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელს აღებული ჰქონდა ვალდებულება 2009 წლის 25 ნოემბერს სახელმწიფო ხაზინაში ჩაერიცხა 300 000 ლარი, რის გამოც 2009 წლის პირველ აპრილს ლევან ყუბანეიშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა თხოვნით რათა გაეთვალისწინებინა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და 2008 წლის ომის გამო მათი ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობა და შეეცვალა სესხის დაფარვის გრაფიკი მის მიერ შეთავაზებული განრიგის მიხედვით, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 25 ნოემბერს 300 000 ლარის ნაცვლად საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრებოდა ვალდებულება გადაეხადა 50 000 ლარი.
როგორც ჩანს ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მძიმე მდგომარეობა და დათანხმდა ვალის გასტუმრების ახალ გრაფიკს, თუმცა პირველი არხის მენეჯმენტმა არც ამ შემთხვევაში შეასრულა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. 2010 წლის 11 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეცნობა, რომ 50 000 ლარის არ გადახდის გამო, ფინანსთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა სასამართლოს. თავის მხრივ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სასამართლოში წარადგინა მისი პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სარჩელს და სამართლებრივი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნებოდა სასამართლო სხდომაზე.
ინსტიტუტის ხელთ არსებული დოკუმენტაცია არ გვაძლევს შესაძლებლობას გამოვარკვიოთ თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ჭანტურიას 2012 წლის 16 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილიდან ირკვევა, რომ ამ ხნის მანძილზე საზოგადოებრივ მაუწყებელს არანაირი თანხა არ გადაურიცხავს სახელმწიფო ხაზინაში. ხსენებული წერილით გიორგი ჭანტურია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას თხოვს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის სასესხო დავალიანების (ძირი თანხა – 4 226 392 ლარი) და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს (900 461.4) გარკვეული ოდენობით ან სრულად პატიებას.
როგორც წარმოდგენილი ანალიზიდან ჩანს, მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მზარდი შემოსავლებისა, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და უპროცენტო სესხით აღებული 4 226 392 ლარისა და 900 461.4 ლარის პირგასამტეხლოს დაფარვა.
მეტიც, როგორც ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის სახელზე გიორგი ჭანტურიას მიერ 2012 წლის 9 ოქტომბერს გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, პირველი არხის მენეჯმენტმა დროულად ვერ მოახერხა სათანადო კომერციული შემოსავლების მობილიზაცია, რის გამოც 2012 წლის ბოლომდე ეფექტური ფუნქციონირებისათვის საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით ითხოვდა 3 000 000 ლარს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობიდან მიღებული ფინანსური დახმარებების გარდა, მაუწყებელი სარგებლობდა ასევე საბანკო სესხებითაც (2011 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელის ბანკის კრედიტის მომსახურებისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 3 465 000 ლარი).
ამ ყველაფერს ემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის საგადასახადო დავალიანება, რაზეც მოწმობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადება იმის შესახებ, რომ 2010 წლის ოქტომბრიდან დღემდე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონდარღვევით 3 800 000 ლარის საგადასახადო დავალიანება დააგროვა.
დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ 46 მილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი ფულადი დეფიციტის საშიშროება, კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე წლების განმავლობაში დაგროვილი ვალები, სახელმწიფოს წინაშე არსებული შესაძლო საგადასახადო დავალიანება ჩვენი აზრით ქმნის რეალურ საფუძველს იმისა, რომ დადგეს “პირველი არხის” მმართველი რგოლის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.