საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევები და კოაბიტაცია

03.04.2013

საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული ფორუმი მიესალმება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე: წარმატებით მიმდინარე მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიღება და პარლამენტში  ერთხმად მიღებული რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.

მიღწეული პროგრესის მიუხედავად, პრობლემატურია  კოაბიტაციის პროცესის თანმდევი  სირთულეების შესახებ როგორც მცდარი ინფორმაციის გავრცელება, ასევე, მისი არასწორი ფორმით საზღვრებს გარეთ გატანა, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებზე, მათ შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესზე.

ერთი მხრივ, ამის ნათელი მაგალითია, ნაციონალური მოძრაობის მიერ ევროინტეგრაციის საკითხებით მანიპულირების ინიცირება ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად. ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ღია დებატი ევროპის სახალხო პარტიასთან და მისი თანმდევი შეფასებები, რაც თანდათანობით ცდება კონსტრუქციულობის ჩარჩოებს. დაპირისპირების ზრდა შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნის იმიჯისა და ინტერესებისთვის.

ევროინტეგრაციის საკითხებით მანიპულირების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად შესაძლებელია განვიხილოთ არჩევნების შემდეგ კოაბიტაციის რეჟიმის  სირთულეები და საქართველოს  საგარეო მისიების შეზღუდული ფუნქციონირება; არასწორი და არასრული ინფორმაციის მიწოდება მთელი რიგი ევროპული სტრუქტურებისთვის, რაც  ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანაში შექმნილია მწვავე პოლიტიკური კრიზისი; შედეგად, პერიოდულად ისმის უსამართლო კრიტიკაც ახალი ხელისუფლების მიმართ.

ამის მაგალითია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მედია სექტორში არსებული მრავალი პრობლემის ფონზე, ევროსაბჭოს რეზოლუციაში 1920/2013 აისახა არასწორი ინტერპრეტაციები  საზოგადოებრივი მაუწყებლის  რეფორმირებასთან მიმართებაში. სამწუხაროა, რომ  ევროსაბჭოს მხრიდან არ მოხდა ფაქტების გადამოწმება სამოქალაქო საზოგადოებასთან. შედეგად, მსგავსი არაობიექტური კრიტიკა ამცირებს მოქალაქეების ნდობას ევროპული ინსტიტუტების მიმართ, გადააქვს საერთაშორისო  საზოგადოების ყურადღება არსებული პრობლემებიდან და ზღუდავს  მათი ეფექტიანად აღმოფხვრის  შესაძლებლობებს.  

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტომ უზრუნველყოს  ევროსტრუქტურებსა და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან პირდაპირი და ინტენსიური კომუნიკაცია, ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებით, რათა ხელი არ შეეშალოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესს. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზადყოფნას პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.

 

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფართო საზოგადოებრივი დებატები ევროინტეგრაციის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ვილნიუსის სამიტთან მიმართებაში ადეკვატური მოლოდინების ჩამოყალიბებისა და ევროინტეგრაციის საკითხებით მანიპულირების შეწყვეტას შიდაპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით,  საქართველომ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა საკუთარი სწრაფვა ევროპული პერსპექტივისკენ, თუმცა აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ ერთობლივად დაამტკიცოს, რომ კოაბიტაცია არ იქნება ევროკავშირთან დაახლოების პროცესში შემაფერხებელი ფაქტორი. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის, რომელმაც ისტორიაში პირველად შეძლო ხელისუფლების თავისუფალი და მშვიდობიანი არჩევნების შედეგად შეცვლა. მაგრამ მნიშვნელოვანია, და ეს ორივე მხარეს მოეთხოვება, ქვეყნის ინტერესები  პირად ან პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.”

ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული ნებაა და დემოკრატიულ კურსს ქვეყნის უსაფრთხო და მდგრადი განვითარებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. აუცილებელია, პოლიტიკოსებმა გადადგან ყველა შესაძლო ნაბიჯი, ქვეყნის ევროპული  და ევროატლანტიკური სწრაფვის რეალიზებისთვის.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1.         ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”

2.         საქართველოს პრესის ასოციაცია

3.         ციხის საერთაშორისო რეფორმა

4.         ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი

5.         საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

6.         ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველო”

7.         ფონდი “სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”

8.         ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

9.         ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

10.     საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

11.     მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი

12.     საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

13.     ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო

14.     კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით

15.     საზოგადოებრივი დამცველი

16.     ადამიანის უფლებათა ცენტრი

17.     ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

18.     საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

19.     ჯანმრთელი სამყარო

20.     საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი

21.     საქართველოს მწვანეთა მოძრაობა

22.     საქართველოს ასოციაცია “ქალი და ბიზნესი”

23.     ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

24.     ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

25.     კონსტიტუციის 42-ე მუხლი

26.     კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

27.     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

28.     ასოციაცია და რადიო “მწვანე ტალღა”

29.     კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

30.     სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

31.     საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

32.     სტუდია რე

33.     ასოციაცია “მერკური”

34.     ენერგოეფექტურობის ფონდი

35.     ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო

36.     საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”

37.     დემოკრატიის ინსტიტუტი

38.     სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი

39.     პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო”

40.     სამცხე-ჯავახეთის რეგიონული  ასოციაცია ტოლერანტი

41.     ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

42.     ახალგაზრდები სამართლიანობისთვის – საქართველო

43.     სათემო ფონდი “ადგილის დედა”

44.     საერთაშორისო ფონდი “ლეა”

45.     ახალგაზრდული ცენტრი საქართველო

46.     საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი

47.     ახალგაზრდული ალტერნატივა

48.     კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

49.     ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

50.     ასოციაცია “ათინათი”

51.     საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

52.     ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი​