საქართველოში C ჰეპატიტი ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა და ზუსტი სტატისტიკა, თუმცა 2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტით საქართველოში 200 000-მდე ადამიანია დაავადებული (ზრდასრული მოსახლეობის 6.7%); (ლ. შარვაძე და თანაავტორები. 2008).
მკურნალობის მაღალი ფასის გამო, C ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში არ მონაწილეობენ სადაზღვევო კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ C ჰეპატიტის დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს – ამ ეტაპზე არ არსებობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა. C ჰეპატიტი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიც მეტყველებს, რომლითაც საქართველოს დაეკისრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობა.
2013 წლის 22 თებერვალს, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო “ოფისში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთo ხუციშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი „C”-ს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
2013 წლის სტრატეგიით, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სასჯელაღსრულების სამინისტრომ ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების აუცილებლობა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროგრამული დოკუმენტს შეიმუშავებს. ამ მიზნით, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” კონკურსის საფუძველზე შერჩეული სამი ექსპერტი პროგრამაზე მუშაობას , სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დაიწყებს.
პროგრამული დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები, რა სქემებით ჩაუტარდებათ მათ მკურნალობა და რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.
ექსპერტების შექმნილ დოკუმენტს განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რის შემდეგაც ის წარედგინება მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს განსახილველად.
ნახეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ.