ვის ეკუთვნოდა საქართველო- წიგნის პრეზენტაცია

22.02.2013

22 თებერვალს წიგნის მაღაზია „ლიგამუსში” გაიმართა გამოცემის: ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში  პრეზენტაცია. ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და ჟურნალისტ პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია, რომელიც ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით მომზადდა. წიგნი, რომელიც ნოველის ფორმატშია დაწერილი, მოგვითხრობს იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია, ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული. წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან.

წიგნში წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ 2003-2012 წლებს მოიცავს. საზოგადოებაში ხშირად იყო საუბარი „ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბიზნესის ე.წ. გადანაწილების სქემებზე. წიგნის ავტორი, პოლ რიმპლი ეხმაურება ამ ინფორმაციას და საზოგადოებას მოუთხრობს იმაზე, თუ როგორ მოხდა კონკრეტულ სექტორში გარკვეული კომპანიების მონოპოლისტებად ჩამოყალიბება. ასევე ავტორი შეეცადა გაერკვია, ვინ დგას კონკრეტული კომპანიების უკან, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა. დიდი საბაზრო წილების მფლობელი კომპანიების უმეტესობა, ისევე როგორც ინვესტორები, ძირითადად ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული. წიგნში მოთხრობილია მხოლოდ რამდენიმე ბიზნესს სექტორზე, თუმცა ეს საკმარისიცაა, რომ ვისაუბროთ ზოგად ტენდენციებზე „პოსტრევოლუციურ” საქართველოში, კერძოდ:

ტელემაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების  სექტორში ნაციონალური მაუწყებლები ხელისუფლების ყოფილი წევრების, მათთან დაახლოვებულ პირთა ან ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიათა საკუთრებაში იყო, ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან აღინიშნებოდა მათ მიმართ პრეფერენციული დამოკიდებულება. სხვა ტელევიზიებს  კი მარეგულირებელი ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდა.  ტელეკომუნიკაციების სექტორი კომპანიების მესაკუთრეთა რთული ქსელისგან შედგება. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში ხელისუფლებასთან დაახლოებული და ასოცირებული პირები არიან.

სარეკლამო  ბაზარზე გასული წლების განმავლობაში სულ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე იყო. უმეტეს შემთხვევაში ეს კომპანიები (outdoor.ge, General Media და სხვა) ყოფილი თავდაცვის მინისტრ  დავით კეზერაშვილის ბიზნეს ინტერესებთან იყო დაკავშირებული. ასევე იკვეთებოდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტი.

ნავთობის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორში ყველაზე დიდი მოთამაშეებად  „გალფი”, „ვისოლი”, „სოკარი” და „ლუკოილი” გვევლინებოდნენ. ავტორი კომპანია „გალფის” მფლობელებისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მჭიდრო კავშირებზე საუბრობს.  ბაზარზე მეორე მსხვილი მოთამაშეა „ვისოლი”, რომელსაც თავის პროდუქცია საბერძნეთიდან შემოაქვს  და ყიდის მას, როგორც აპის სუპერის მარკის ნავთობს.

ფარმაცევტულ სექტორში  არსებული ოლიგოპოლია მნიშვნელოვნად აფერხებს კომპანიებს შორის კონკურენციას და დამოკიდებულს ხდის მათ იმპორტირების უფლების მქონე სამ კომპანიაზე, რომლებიც იმავე დროს ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მსხვილ შემოწირულობებს იღებდნენ.  ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან „პე-ეს-პე”, „ავერსი ფარმა” და „ჯი-პი-სი”. არსებული ვითარება კომპანიებს მედიკამენტებზე მაღალი ფასის დაწესების შესაძლებლობას აძლევს.

ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც საკმაოდ საინტერესო ტენდენცია იკვეთება. სახელმწიფოსთან დაახლოებული პირების მიერ დაარსებული კომპანიები ხშირად სახელმწიფოსგან დაბალ ფასში ნაყიდ მიწების გადამყიდველებად გვევლინებოდნენ, რითაც დიდ მოგებას ნახულობდნენ. ამ მოგების ინვესტირების შედეგად კი სხვა კომპანიებს ყიდულობდნენ. იგივე კომპანიები შემდეგ გამოიყენებოდა ერთი კონკრეტული ბანკის, „ბანკი ქართუს” საწინააღმდეგოდ. ყოველივე ამაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარლამენტი.  კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით ბანკს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

თბილისის განვითარების ფონდმა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდმა თბილისის მერიიდან მნიშვნელოვანი ქონება მიიღო სარგებლობაში, ხოლო სახელმწიფო ქონების განკარგვისას მიიღო უკანონო გადაწყვეტილება რომ თავი აერიდებინა ინფორმაციის გაცემას თუ როგორ ხდებოდა ამ ქონების განკარგვა. ანაკლიის-პორტის და საირმეს მშენებლობის საქმე კი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა.

საბადოების პრივატიზაციისას ხშირია ოფშორული კომპანიების მონაწილეობა, მაგალითად „კავკასუს მაუნთაინ გრუპი”, რომელიც ფიქტიურ კომპანია „ფემფთილონ ჰოლდინგ ლიმიტედს” ეკუთვნის, დარეგისტრირებულია კომპანია „საიპრომანის” მიერ, რომელიც  მსგავსი კომპანიების რეგისტრაციას აკეთებს.  მძიმეა მდგომარეობა მაღაროებში დასაქმებულთა უსაფრთხოების მხრივ, რასაც არაჯეროვანი ყურადღება ეთმობოდა, ხოლო ინციდენტების მიზეზები კი უმეტესად მუშაკებს ბრალდებოდათ.

წიგნის მზადების პროცესში ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.  2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, რამაც ცვლილებები სხვადასხვა ბიზნესის მფლობელობის სტრუქტურაშიც გამოიწვია. ძირითადად ეს მედიის სექტორს შეეხო, რაც აისახა კიდეც წიგნის ბოლო თავში.

 

ნახეთ წიგნის ელექტრონული ვერსია.

 

 

ამ გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები  ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს  ფონდი  „ღია საზოგადოება საქართველოს” პოზიციას. 

 

 

IMG_0738

IMG_0760

IMG_0783