15 მაისს გაიმართა წიგნის ,,ეფექტური სისხლისსამართლებრივი დაცვა აღმოსავლეთ ევროპაში” პრეზენტაცია.
წარმოდგენილი ნაშრომი არის ადაპტირებული ვერსია წიგნისა: ეფექტური სისხლისსამართლებრივი დაცვა აღმოსავლეთ ევროპაში (Effective Criminal Defence in Eastern Europe), რომელიც იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელის (LARN) ფარგლებში და ღია საზოგადოების ფონდების დაფინანსებით განხორციელებული კვლევითი პროექტის შედეგია.
პროექტის მიზანი იყო ევროპის ხუთ იურისდიქციაში სისხლის სამართლებრივ პროცესში დაცვის უფლების ხელმისაწვდომობის შესწავლა და შედარება; ამის საფუძველზე სრულყოფილი კვლევის მომზადება საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად და ხელშესაწყობად.
პროექტის ფარგლებში წიგნის სახით მომზადდა კვლევა: “დაცვის უფლების ეფექტურობა აღმოსავლეთ ევროპაში”. წიგნის სრული ვერსია მოიცავს ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, ლიტვისა და უკრაინის მაგალითზე სისხლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და სტანდარტების ანალიზს, მათ შედარებას ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პრაქტიკასთან.
განსაკუთრებით აღსანიშნავია აღნიშნული ხუთი ქვეყნის მონაცემების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის ჯვარედინ-სამართლებრივი ანალიზი, რომელიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებსქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ქართული ვერსია დეტალურად არ განიხილავს ზემოთ აღნიშნული ყველა ქვეყნის სისტემებს. აქცენტი გაკეთებულია საქართველოზე, აღწერილი და გაანალიზებულია სისხლის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ინსტიტუტები, პროცესები და პრაქტიკა. ამასთანავე, წიგნის ქართული ვერსია მოიცავს ყველა იურისდიქციისთვის საერთო და საქართველოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეფექტური სისხლის სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის, რაც არსებითია სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის.