არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ

15.11.2012

14  ნოემბერს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივითა  და ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ორგანიზებით სამოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და  საკანონმდებლო ორგანოს წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტების თავმჯდომარეები და ფრაქციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო სექტორის მხრიდან კი სხვადასხვა დარგში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთათვის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის პრიორიტეტების გაცნობა და საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ახალი ფორმებზე მსჯელობა. საუბარი იყო, ასევე,  ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმების შემუშავებაზე არასამთავრობო სექტორსა და საპარლამენტო კომიტეტებს შორის.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი მზად არის, მოუსმინოს კვალიციფიურ რეკომენდაციებს, რომელსაც არასამთავრობო სექტორი შესთავაზებს.

დავით უსუფაშვილი: ‘მზად  ვართ მოვუსმინოთ დარგობრივ, საექსპერტო, კვალიფიციურ მოსაზრებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო თემებზე მუშაობაში  უნდა ჩაერთოს სრულიად  სამოქალაქო საზოგადოება,  იმისათვის, რომ კონსტიტუცია გახდეს სტაბილური, ნაკლებად ცვალებადი  და გამართული დოკუმენტი. ველი თქვენგან ინიციატივებს ნებისმიერ თემაზე- ყველა თქვენი სიტყვა იქნება ჩაწერილი, გაანალიზებული და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული’.

მისივე თქმით, გაიზრდება პარლამენტის გამჭვირვალობა და სამოქალაქო სექტორს საშუალება ექნება გაეცნოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს და თვალყური მიადევნოს კანონშემოქმედების პროცესს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა კომენტარი გააკეთა კანონპროექტების განხილვის ვადებთან დაკავშირებით:

‘ საკომიტეტო მოსმენების უწინდელი პრაქტიკა არ გვაძლევდა შესაძლებლობას, მაქსიმალურად ჩართულები ვყოფილიყავით კანონპროექტის განხილვის პროცესში. ჩვენი თხოვნა იქნება, არ მოხდეს კანონპროექტის დამტკიცება ნაჩქარევად და სხდომები დაიგეგმოს ისე, რომ ჩვენ მონაწილეობის და კომენტარების გაზიარების შესაძლებლობა გვქონდეს’.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობოთა მხრიდან საუბარი იყო კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისეთი, როგორიც არის  აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის მინიჭება, ნარკომანიის დეკრიმინალიზაცია, მედიაგარემოს გამჭვირვალობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და ა.შ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მომავალი კვირიდან საქართველოს პარლამენტის თითოეული კომიტეტი არასამთავრობოებთან საკონტაქტო პირს გამოყოფს.  საკანონმდებლო ორგანოში შესული კანონპროექტებისა და მათი განხილვის მიმდინარეობის შესახებ ორგანიზაციები ინფორმაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.   

 

ნახეთ:

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზე.

 

ფოტოკოლაჟი.